მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდება, თუ დადგინდა, რომ მოქალაქეებმა ელ.ენერგიის გადასახადი ზედმეტად გადაიხადეს? - ნარმანიას განმარტება

61fbb0f2c5c5b
ინგა მურუსიძე
03.02.22 14:36
4054
სემეკმა საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ შემოწმების საკითხებზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.

„თუ აღმოჩნდა, რომ კომპანიამ მოქალაქეებს დაარიცხა ზედმეტი გადასახადი, კომპანიას დაევალება, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა მომდევნო თვის ანგარიშში ჩაუთვალოს. მომხმარებელი არ დაზარალდება“, - განმარტავს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და დასძენს, რომ "შემოწმდება ნახევარი მილიონი აბონენტის მონაცემები და არა მხოლოდ მათი, ვინც განცხადება დაწერა“.

აღსანიშნავია, რომ კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ შემოწმდება შპს „თელმიკოსა“ და სს „თელასის“ მიერ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სემეკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან. კერძოდ, შპს „თელმიკოსთან მიმართებაში“ ჯგუფი შეისწავლის მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის მიმწოდებლის აღრიცხვის მონაცემთა ერთან ბაზაში (ბილინგი) ასახვის, სს „თელასისგან“ აღრიცხვის მონაცემების მიღების, დარიცხული მომსახურების საფასურის კორექტირების, ქვითრის შესწორების მექანიზმების გამართულ მუშაობას.

რაც შეეხება სს „თელასს“, ადგილზე შემოწმდება აღრიცხვის მონაცემების ფორმირების, ვალიდაციის, აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვის, აგრეთვე, შპს „თელმიკოსთვის“ აღრიცხვის მონაცემების გადაგზავნის მექანიზმისა და აღრიცხვის სისტემების გამართულობა, ელექტროენერგიის მრიცხველების წამკითხველების საქმიანობის განრიგი, აღრიცხვის მონაცემების აღების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვასთან დაკავშირებული საკითხები, საანგარიშსწორებო მრიცხველების შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში წაკითხვის ვალდებულებასთან კომპანიის ფიზიკური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა.

სემეკის გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა საჩივრებით, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.