მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მხარდაჭერას საჭიროებს ღვინის სექტორი სახელმწიფოსგან - "თბილღვინო"

5ed635067bde8
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 15:42
1769
"თუ სახელმწიფო, რთველის პერიოდში, ბანკებიდან აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას შეძლებს, ეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია იქნება, - ამის შესახებ BM.GE-ის „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე - რა გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესი პანდემიის პერიოდში და რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს გამოწვევებთან გასამკლავებლად, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაეზარდოთ.

„კრიზისმა დაგვანახა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბანკებთან აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ უფრო დაბალპროცენტიან სესხებზე, როგორც - მოკლევადიან, ისე - გრძელვადიან პერიოდში. ასევე, ეს ეხება პროდუქციის ფასს, იმიტომ რომ დღეს მიდის დიდი ბრძოლა თაროზე ფასებზე და ეს არ ეხება მხოლოდ ქართული ღვინის კომპანიებს, ეს უფრო მასშტაბური საკითხია. შესაბამისად, ნედლეული ანუ ყურძნის ფასი უნდა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი ანუ უფრო დაბალი. ამის ერთ-ერთი გზა არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ სახელმწიფოსგან სავენახე მიწების შეძენა და ვენახის გაშენება; მართალია, ამას 3-4 წელი სჭირდება იმისთვის, რომ მოსავალი მივიღოთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კრიზისი რამდენ ხანს გასტანს და მას შემდგომ რა მოჰყვება, ამიტომ რეალურად საჭიროა, რომ გვქონდეს მეტი მოქნილობა ფასწარმოქმნაზე", - ამბობს "თბილღვინოს" დამფუძნებელი.

ზურაბ მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ღვინის ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება ხარისხის კონტროლის რისკები, რისი გარანტორიც სახელმწიფო უნდა იყოს.

"უაღრესად მნიშნელოვანია, რომ საქართველოდან არ გადიოდეს პროდუქცია, რომლის ხარისხი არ იქნება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმის, რომ ქვეყნიდან არ გადის არცერთი ბოთლი ღვინო, რომელიც ვაზის და ღვინის შესახებ კანონის დარღვევითაა წარმოებული. ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამ ზრდას ხარისხის კონტროლის საფრთხე ყოველთვის თან ახლავს“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა და დასძინა, რომ რთველის პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერა სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემერის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს. Bm.ge დაინტერესდა, თუ რა სახის იქნება მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება მეღვინეებმა მიიღონ ან რა მოლოდინები აქვთ ღვინის ეროვნული სააგენტოში, მაგრამ გვითხრეს, რომ ჯერ სამუშაო პროცესია.  "მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერთან, საბოლოო დოკუმენტი არ გვაქვს და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“, - აცხადებენ სააგენტოში.