მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მხარდაჭერას საჭიროებს სასმელების ინდუსტრია - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის პასუხი

5f1ab5bd46e93
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 22:30
1312
ქართული ლიმონათისა და ლუდის მწარმოებელი კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი BM.GE-ის COVID-19-ის გავლენით სასმელების ინდუსტრიაში შექმნილ გამოწვევებზე და იმ საჭიროებებზე ესაუბრა, რომელიც სექტორს აქვს.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, სექტორში იაზრებენ იმას, რომ სახელმწიფოსაც შეზღუდული რესურსები აქვს და ამის გათვალისწინებით მათი უმთავრესი მოთხოვნა აქციზის გადასახადის 2014 წლის ნიშნულზე დროებითი დაბრუნებაა.

„ინდუსტრიას სჭირდება როგორც წესი გადასახადების გადავადება, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ტურისტულ სექტორთან დაკაშირებულ ინდუსტრიებზე ანტიკრიზისული პაკეტებით გათვალისწინებული შეღავათები ჩვენზეც ნაწილობრივ გავრცელდა. ეს იქნება საშემოსავლო ნაწილში, თუ დღგ-ის ნაწილში გადავადება.

თუმცა, ჩვენი მოთხოვნაა აქციზის გადასახადის დაყვანა 2014 წლის მდგომარეობამდე, მანამ სანამ გაიზარდებოდა 50%-ით და სტრუქტურა შეიცვლებოდა. ეს იქნებოდა უსერიოზულესი შეღავათი ლუდის ინდუსტრიისთვის წლის ბოლომდე. თუმცა ყველაფერს დინამიკაში უნდა შევხედოთ.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების რესურსი შეზღუდულია, ასევე კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი სტიმულირება უნდა განვიხილოთ პანდემიის გავლენით შექმნილი არსებული შედეგებით და ეს ორი მოცემულობა მაძლევს საშუალებას დავასკვნა, რომ ეს გადავადება წლის ბოლომდე შესაძლებელია“, - განმარტავს „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ თუ პანდემიური მდგომარეობა გაუარესდება და ეს გავლენას იქონიებს სასმელების ინდუსტრიაზე, მაშინ ბიზნესოპერატორები სხვა მოთხოვნებს წამოაყენებენ, რაც მდგომარეობის განვითარებით იქნება განპირობებული. ის ასევე განმარტავს იმას, თუ რამ განაპირობა ალკოჰოლიანი და გაზიანი სასმელების მწარმოებლების საჭიროებები:

„ინდუსტრიას ნაღდი ფულის პრობლემა შეექმნა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის თანხები ჰორეკა სექტორში ჩარჩა. ყველაზე დიდი პრობლემაა რომ ეს თანხა ვერ ამოვიღეთ და ქეშზე წვდომის პრობლემა შეიქმნა. ეს განსაკუთრებით საშუალო და მცირე კომპანიებს შეეხო, თუმცა ზოგადად ეს პრობლემა დგას“, - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ის იმედოვნებს, რომ მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი ანტიკრიზისული სტიმულირების პაკეტში სასმელების ინდუსტრიის მხარდაჭერაც იქნება გათვალისწინებული:

„ზოგადად არ ვიცი რა სტრუქტურა ექნება პოსტკრიზისული სტიმულირების პაკეტს, ეს ინდუსტრიების მიხედვით იქნება ჩაშლილი, თუ ზოგადად სტიმულირების პაკეტი იქნება, თუმცა როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადეს უახლოეს მომავალში დასრულდება მორიგი სტიმულირების პაკეტზე მუშაობა“.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ინდუსტრიაში გაყიდვების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუდის წარმოების მიმართულებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ლიმონათის გაყიდვის მხრივ 25%-იანი კლებაა, რაც ჰორეკა სექტორის გაჩერების და შემდეგ ნაწილობრივი დატვირთვიდან მომდინარეობს.

„ლუდთან მიმართებაში მთელ ინდუსტრიაში ოდნავ კლება გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყოველ შემთხვევაში მთელი ინდუსტრია დაგეგმილი იყო მინიმუმ 5%-იან ზრდაზე, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით იგივე მონაცემები გვაქვს, სხვა მდგომაროებაში ეს იქნებოდა ძალიან ცუდი შედეგი.

მეორე არის ლიმონათი, ანუ გაზირებული სასმელი, რომელსაც ვაწარმოებთ, ამ მიმართულებით სერიოზული კლება (ტურისტები, დიდი შეკრებები, ქორწილები) დაახლოებით 25%-ია, თუმცა ეს მონაცემები დასაზუტებელია. ექსპორტი გამოგვისწორდა და რაღაც მიმართულებით ზრდა გვაქვს. ექპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა გვაქვს. 

ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გასულ წელს 30 მლნ ლიტრი ლიმონათის ექსპორტი განვახორციელეთ და წელსაც ამ მაჩვენებელს ველოდებით“, - აღნიშნა „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა.