მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ - EUGBC

5e81d22b45788
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.20 15:13
5580
"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმიზებისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს. 

EUGBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს გასატარებელ ღონისძიებებს, როგორც დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე ნაბიჯებს საფინანსო სექტორის მდგრადობის შენარჩუნებისთვის. საუბარია საგადასახადო შეღავათებზე, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის განახევრებაზე, დღგ-ის გადავადებაზე, ასევე დროებით საპენსიო შენატანების განხორციელების შეჩერებაზე. 

EUGBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან განხილვის შედეგად მომზადდა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წინადადებები საქართველოს მთავრობას:

"მნიშვნელოვანია, უახლოეს დღეებში ეროვნულმა ბანკმა, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, წარმოადგინოს ეროვნული ვალუტის გამყარების/დასტაბილურების უსწრაფესი, 3-თვიანი გეგმა. მაშინ, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეზობელ ქვეყნებში ვალუტის კურსები აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება, ლარის კურსი კი 2.79-იანი ნიშნულიდან 3.28-მდე ავიდა. უმნიშვნელოვანესია ლარის გამყარების/დასტაბილურების ზემოხსენებული გეგმა დაუყოვნებლივ იქნას მიღებული, ვინაიდან სხვა ყველა შემოთავაზებული შეღავათი ბიზნესისთვის იქნება არაეფექტური. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ქვემოთ მოცემული საკითხები დაყოფილია თემებად და გამოვთქავმთ მზადყოფნას მთავრობასთან და ბიზნეს ასოციაციებთან ერთად დეტალურად გავიაროთ თითოეული პუნქტი და გავითვალისწინოთ ორივე მხარის ინტერესები. 

ჩვენს მიზანს წარმოადგენს მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯების ხელშეწყობა, რათა ავიცილოთ ეკონომიკური კოლაფსი.

1. გადასახადები

  • 6 თვის განმავლობაში საშემოსავალო გადასახადის შემცირება 50 პროცენტით; 
  • კრიზისით დაზარალებული კომპანიებისთვის დღგ-ს გადახდის გადავადება 6 თვით; 
  • დღგ-ის გადახდა მხოლოდ მიღებული ქეშის ნაწილში, ანუ თუ ანაზღაურება არ არის მიღებული მაშინ დღგ-ს არ იხდის გადამხდელი ბიუჯეტში;
  • შეღავათების შემოღება (ქონების გადასახადი და დღგ) ბიზნესის მიერ კომერციულ და საოფისე ფართების გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე. 
  • საგადასახადო შეღავათები იმ ფონდებსა და დონაციებზე, რაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არის მიმართული ფულადი თუ არაფულადი ფორმით;
  • იმპორტისას ჩასათვლელი დღგ-ს არგადახდევინება დღგ-ს გადამხდელებისთვის, ხოლო არგადამხდელებისთვის გადახდის გადავადება წლის ბოლომდე.

2. ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობა

  • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან აქტიური კონსულტაციების წარმართვა თანხების დროულად მიღების მიზნით და იაფი სესხის უზრუნველყოფა ლარში, კონკრეტულად ვირუსის გამო დაზარალებული ბიზნესებისთვის.
  • ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღებაზე შეზღუდვების მოხსნა, რათა კომერციულმა ბანკებმა თავად გადაწყვიტონ გაცემული თანხის ოდენობა და ვალუტის სახეობა, ასევე მნიშვნელოვანია სესხის წლიური საპოცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესება.
  • კერძო საბანკო სექტორთან მოლაპარაკებათა რაუნდის გამართვა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ესეთ არაორდინალურ ვითარებაში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევის მიზნით.
  • აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, კომერციული ბანკების მიერ სესხის რესტრუქტურიზაციის შედეგად გადავადებულ თანხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერების თხოვნა. 

3. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა

  • მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ იმ საწარმოების სრული ინვენტარიზაცია, რომელთა პროდუქცია ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისათვის არის საჭირო.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხარისხისა და ფასის შესაბამისად, საქართველოში ნაწარმოები პროდუქციისათვის განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება.
  • ენერგოტევადი წარმოებების პროდუქციაზე (მაგ. ცემენტი, არმატურა და ა.შ.), ლარის დევალვაციის მიუხედავად, ფასების შენარჩუნების მიზნით, აშშ დოლარის კურსზე მიბმული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასის კლება, ესკოს მიერ ენგურის შედარებით იაფიანი ენერგიის შესყიდვის და შედეგად შემცირებული გასაყიდი ფასის მეშვეობით.
  • არსებული რეალობის გათვლისწინებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, სესხის თანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებული სექტორების გადახედვა, ასევე სესხის თანადაფინანსების ვადისა და სესხის ოდენობის ზედა ზღვრის გაზრდა.
  • ერთიანი ძალისხმევით GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია. 2022 წლის სავალდებულო სტანდარტიზაცია და სტანდარტის დაკმაყოფილების ეტაპობრივი გეგმის (roadmap) არარსებობა:
1) დახურვით ემუქრება 72 ფარმაცევტულ საწარმოს;
2) გააუქმებს ადგილობრივი წარმოების 65 მილიონი ლარის ღირებულების წამლის რეალიზაციას, მათ შორის 10 საექსპორტო ბაზარზე;
3) გააუქმებს 1500 სამუშაო ადგილს;
4) აფერხებს 66 მილიონი ლარის, დაგეგმილ ინვესტიციას ახალ, საერთაშორისო სტანდარტის ფარმაცევტულ საწარმოებში;
5) გაქრობით ემუქრება მსოფლიოში აღიარებულ უნიკალურ და ინოვაციურ დარგებს, როგორებიც არის - ბაქტერიოფაგები, იმუნობიოლოგიური პრეპარატები და ნატურალური მედიცინა.

  • ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მედიკამენტების გარდა საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტის სასწრაფოდ დაშვება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტისთვის დამზადებული პრეპარატები, არ გამოიყენება კორონა ვირუსის სამკურნალოდ და არც მათი საექსპორტო რაოდენობა წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან დანაკლისს შიდა ბაზრისთვის. საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს სტრატეგიული მნიშვნელობის მედიკამენტების ჩამონათვალის და კვოტების შემუშავების საკითხში.
  • კონსულტაციების დაწყება ქსელურ მარკეტებთან და ჰიპერმარკეტებთან, საგანგებო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მძიმე კომერციული პირობების შემსუბუქების მიზნით, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული წარმოების შენარჩუნებასა და მომავალში მის განვითარებას. საგულისხმოა, რომ სავაჭრო ობიექტების (ძირითადად ჰორეკა) დახურვა, ლარის დევალვაცია, დილერების მიერ სავაჭრო ობიექტებიდან თანხების მიუღებლობა და ზოგადად ბაზრის შემცირება შედეგად უახლოეს თვეებში გამოიწვევს სხვადასხვა ინდუსტრიებში (მათ შორის საკვები პროდუქცია, წყლები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, და ა.შ.) საბრუნავი კაპიტალის/ქეშის პრობლემას.
  • ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისათვის სერტიფიცირების და სტანდარტების ორგანოების შექმნა, რომელიც დაადგენენ ამა თუ იმ სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობას და გაუხსნიან გზას ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე. 

4. კომუნალური გადასახადები

სასწრაფო კონსულტაციების დაწყება კომუნალური მომსახურების კომპანიებთან (ენერგო პრო, თელასი, თბილისი ენერჯი, GWP და ამ სფეროში საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიები) კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის წლის ბოლომდე თანხის გადავადების გონივრული სქემების შემუშავებისა და მათთვის მომსახურების შეჩერების თავიდან აცილების მიზნით.

5. სამუშაო ადგილების შენარჩუნება და საპენსიო ანარიცხები

მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო დაკარგა სამუშაო ან იმყოფება უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში მისი საშუალო ხელფასის 50%-ის გადახდა.
უკიდურეს შემთხვევაში, თუ ძალიან მძიმე სურათი შეიქმნა საპენსიო დანაზოგების (ან მისი ნაწილის) დაბრუნება იმათთვის, ვინც დაკარდა სამუშაო, ან იმყოფება უხელფასო შვებულებაში.
საპენსიო ანარიცხების გაუქმება წლის ბოლომდე.
დაზარალებული კომპანიებისათვის, განსაკუთრებით მცირე საწარმოებისათვის, სახელმწიფოს მიერ ფინანსური გრანტების გაცემა 10 000 ლ., 20 000 ლ. ან 30 000 ლარის ოდენობით.
სექტორების მიხედვით ბიზნეს კომპანიებთან შეთანხმებით, საგადასახადო შეღავათების და/ან გრანტების სანაცვლოდ, კომპანიების მხრიდან გარკვეული პერიოდით ვალდებულების აღება თანამშრომელთა არ დათხოვნისა და ხელფასების შენარჩუნების შესახებ მაგალითად (საშემოსავლო გადასახადის გადავადება 6 თვით და ლუდზე აქციზის 12 თეთრიდან 8 თეთრამდე დაყვანა, შესაძლოა იყოს ლუდის წარმოებისათვის მოკლევადიანი გამოსავალი იმ დათქმით, რომ კომპანიები არ მოახდენენ თანამშრომელთა დათხოვნას. )

6. სადაზღვევო სექტორის მხარდაჭერა

  • საზედამხედველო მოთხოვნები - არსებული წესების შესაძლებლობის ფარგლებში მოთხოვნათა დროებითი გამარტივება, რათა კომპანიებს არ შეექმნათ ოპერირების გამოწვევები და მიეცეთ მოქმედების მეტი არეალი დაზღვეულთა მომსახურებისთვის. მაგალითად: სუბორდინირებული სესხის მოქნილი პირობები კაპიტალის დაანგარიშებისას, შემსუბუქებული კოეფიციენტები კონკრეტული სადაზღვევო სახეობების მიმართ და ა.შ.
  • 1%-იანი საზედამხედველო მოსაკრებელი - მისი შემცირება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების საჭირობების ფარგლებში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა უკვე სახეზეა ტურიზმთან და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მფლობელების მესამე პირების მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მკვეთრი შემცირების პირობებში. სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობისთვის აღნიშნული გადასახადი წმინდა მოგების 50% ან მეტია.
  • ესტონური მოდელი - არსებული გამოწვევების პირობებში მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად სადაზღვევო კომპანიებზე მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გავრცელება.
  • საგადასახადო შეღავათები - ჯანმრთელობის დაზღვევის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება.

7. სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება

  • არსებული რეალობიდან გამომდინარე, მთავრობამ უნდა მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება და წარმოადგინოს შესაბამისი მუხლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება (სამივლინებო, წარმომადგნელობითი და საწვავის ხარჯები, სამთავრობო ავტოპარკის შენახვა, პრემია-დანატამების მინიმუმამდე დაწევა), რათა გამონთავისუფლებული თანხები მიმართულ იქნას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. 
  • როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია აქტიური მუშაობა დონორებთან, თანხების მოზიდვები, რათა ბიუჯეტი კრიზისულ ვითარებაში არ შევიდეს," - ნათქვამია EUGBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.