მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ - Galt & Taggart

5e7b7d6242560
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.20 20:00
3800
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა კორონავირუსისა და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა.

Galt & Taggart-ი კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამ სხვადასხვა სცენარს - ოპტიმისტურს; შუალედურსა და პესიმისტურ სცენარებს განიხილავს. პირველი სცენარის მიხედვით, მაისში ვითარება გაუმჯობესდება და კონტროლის მექანიზმები შერბილდება. ამ დაშვებით, მარტი-მაისის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა იქნება, ივნისიდან კი ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განახევრდება და ის 2.1% იქნება. ოპტიმისტური სცენარის განვითარების ალბათობად Galt & Taggart-ს მხოლოდ 10% აქვს მითითებული.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მეორე “შუალედურ” სცენარს, მისი მიხედვით, უახლოეს თვეებში ვირუსის გავრცელება შეჩერებული იქნება, შემოდგომაზე კი მისი ხელახალი ტალღაა მოსალოდნელი. ამ პროგნოზის ალბათობა Galt & Taggart-ის შეფასებით 40%-ია და მისი დადგომის შემთხვევაში ქვეყანაში რეცესია და 2.7%-იანი ეკონომიკური ვარდნა არის მოსალოდნელი.

Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული მესამე და ყველაზე მძიმე სცენარით, 2020 წლის ბოლომდე ვითარება არ გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში ქვეყანაში 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა არის მოსალოდნელი.

სამივე ეკონომიკური სცენარის პირობებში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ზეწოლის ქვეშ ექცევა, მოსალოდნელი წლიური დანაკლისი პირველი სცენარით 1.7 მილიარდი დოლარი, მეორე სცენარით 3.1 მილიარდი დოლარი, მეოთხე სცენარით კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.

ამ დანაკლისის დასაკომპენსირებლად კი რამდენიმე არხი იმოქმედებს, აქედან პირველი იმპორტის შემცირებაა - საქართველოში ადგილობრივი მოთხოვნა შემცირდება არაპირველადი საჭიროების პროდუქტებზე, ასევე შემცირებული ტურისტული ნაკადიც ადგილობრივ მოთხოვნას შეამცირებს. ჯამურად იმპორტის კლებამ შესაძლოა 2.6 მილიარდ დოლარსაც მიაღწიოს.

კიდევ ერთი მოსალოდნელი მოვლენა საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხოეთში მოგზაურობის შეწყვეტა იქნება, რაც საზღვრებს გარეთ დაახლოებით 0.5 მილიარდის გადინებას შეაჩერებს.

Galt & Taggart-ი პროგნოზირებს, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციების გზით 0.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს, საქართველოს მთავრობა კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დაფინანსებას მოიზიდავს.

გრაფიკულად სავალუტო ნაკადების შემცირების მოსალოდნელი მასშტაბები და მათი მაკომპენსირებელი ფაქტორები ასეთია:



Galt & Taggart-ის შეფასებით, თუკი ტურიზმის, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, ტრანსპორტისა და გართობა/დასვენების სექტორზე არსებულმა კრიზისმა მყისიერად ნეგატიური ეფექტი იქონია, მშნებლობის, საფინანსო, უძრავი ქონების, ვაჭრობისა და განათლების სექტორებზე არსებული შოკი გარკვეული შეყოვნების შემდეგ გადავა.

საინვესტიციო ბანკი არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს აქტიური ფისკალური და მონეტარული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. მათ შორისაა საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება, რეგულაციების შერბილება, მოსახლეობისთვის სოციალური ვაუჩერების დარიგება, საბანკო რეგულაციების გამარტივება და სხვა.

მოკლევადიანი ღონისძიებები:

  • მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
  • ქონების გადასახადის განახევრება;
  • საგარეო დაფინანსების მოზიდვა;
  • ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება; 
  • საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით;
  • ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვა);
  • საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება;
  • საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება; 
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება. 

გრძელვადიანი ღონისძიებები

  • ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით; 
  • არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები); 
  • დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი, როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის; 
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; 
  • განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.