მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნაბიჯებს დგამენ EU-ს ქვეყნები ტურიზმის სტიმულირებისთვის - EPRC

5eb418cf8ff78
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.20 19:00
1136
ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად ევროპის უმსხვილესმა ქვეყნებმა დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტები უკვე წარადგინეს. ამ პროგრამების შესახებ EPRC-იმ მიმოხილვა გამოაქვეყნა:

ესპანეთი

ესპანეთში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის დაახლოებით 12%-ია, პანდემიის შედეგად ტურისტული სექტორის 1/3-ით შემცირებას ელიან. უახლესი მონაცემებით, დაკავებული ნომრების რაოდენობა სასტუმროებში მარტის თვეში, წინა წელთან შედარებით, 70%-ით არის შემცირებული. 40-მდე სასტუმრო გადაკეთდა COVID-19-ის პაციენტთა მომსახურებისათვის. მხოლოდ მარტის მეორე ნახევარში 4 400 მდე ავია რეისი გაუქმდა ესპანეთის მიმართულებით.

31 მარტს სახელმწიფომ გამოსცა შემამსუბუქებელი პოლიტიკის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ერთი წლით გადავადდა სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ძირის გადახდები იმ მეწარმეთათვის, რომლებიც ტურიზმის სექტორში საქმიანობენ.

სახელმწიფომ გამოყო €400 მილიონი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ტურიზმისა და ტრანსპორტირების სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის შეღავათიანი კრედიტის ფორმით.

ისლანდია

ისლანდიაში ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი მშპ-ს 8.6%-ს და მთლიანი მომსახურების ექსპორტის 48% შეადგენს, დასაქმებულთა 16% მოიცავს.

დარგის დასახმარებლად, ისლანდიის მთავრობამ დაახლოებით $10.2 მლრდ. ოდენობის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების ამოქმედებას, როგორიცაა საინვესტიციო ინიციატივების მხარდაჭერა, სესხების გადავადება, საკრედიტო გარანტიებსა და გრანტებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა.

ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად ისლანდიის მთავრობამ 2021 წლის 31 დეკემბრამდე გააუქმა ტურიზმის გადასახადი ე.წ. განთავსების გადასახადი (bed-night tax).

ნორმალიზების შემდეგ, ისლანდია გეგმავს ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად აქტიური მარკეტინგული კამპანიის გაშვებას, რომელიც შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზეც იქნება ორიენტირებული. ამ მიზნით, 18 წელს გადაცილებულ ისლანდიის მოქალაქეებს სახელმწიფო გადასცემს ტურისტულ ვაუჩერებს ($1.2 მლრდ. ჯამური ღირებულებით).

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, დაცული ტერიტორიები, დატვირთული ტურისტული სანახაობები) გამოყოფილია $4.4 მილიონი, ხოლო $1.4 მილიონი გადაეცემა ტურისტული ღირშესანიშნაობების დაცვის ფონდს.

იტალია

ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის, კულტურის, გართობის, ფილმისა და აუდიო-ვიზუალურ სექტორებში, მიიღებენ სპეციალურ დახმარებას - ამ სფეროში დასაქმებულებისთვის 130 მლნ. ევრო გამოიყო საგანგებო ფონდის სახით;

სოციალური დაცვის მექანიზმები გავრცელდება ტურიზმის და გართობის სფეროში დასაქმებულ სეზონურ მუშახელზე. ზომები ხელს შეუწყობს სფეროში დასაქმებულ მხატვრებს, მომღერლებსა და მსახიობებს. 600 ევროს ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ ტურიზმის სექტორში სეზონურად დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური პანდემიის შედეგად.

კულტურის, გართობის და ტურიზმის სექტორში მოქმედი დამსაქმებლები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან, სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენატანებისაგან და სავალდებულო სადაზღვეო დანამატებისგან.

კომპანიებს მიეცათ უფლება სამომავლო გამოყენების ვაუჩერებით აანაზღაურონ პანდემიის შედეგად გაუქმებული ჯავშნები. უფლება ვრცელდება ტურისტულ პაკეტებზე, სასტუმროებსა და ბინებზე, კინოთეატრებზე, მუზეუმებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე.

მას შემდეგ, რაც ვირუსის კონტროლი იქნება შესაძლებელი, იტალია გეგმავს აქტიურად დაიწყოს ქვეყნის იმიჯის აღდგენა და საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა. სახელმწიფომ გამოყო 200 მლნ. ევრო ადგილობრივი ავია კომპანიების დასახმარებლად.

ნორვეგია

COVID-19-ის პანდემიის შედეგად ნორვეგიის ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო. ტურიზმის სექტორი, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 9%-ია, მნიშვნელოვნად დაზიანდა. HORECA და ავიაციის სექტორში დასაქმებულების 80-90% უმუშევარი დარჩა.

ტურიზმის სექტორი ძირითად სარგებელს მიიღებს საერთო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტიდან. თუმცა, კონკრეტულ ინდუსტრიებზე გათვლილი დახმარების სახით, შემცირდება დღგ, 12%-დან 8%-მდე 2020 წლის ნოემბრამდე ტურიზმის სექტორისთვის.

სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში, ქართული სოციალური ჯგუფის ინსპირაციით (Spend your summer in Georgia) შეიქმნა Facebook ჯგუფი „Tilbring sommeren i Norge“, რომელიც მარტის თვიდან მოყოლებული ახდენს ნორვეგიის პოპულარიზაციას, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი მიმართულება.

კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის, რომლებიც სახელმწიფო შეზღუდვების შედეგად გაუქმდა, გამოთავისუფლდა $87 მლნ. კომპენსაციების სახით.

მთავრობამ მიიღო ზომები ავიაციის ინდუსტრიის დასახმარებლად. ნოემბრამდე უქმდება გადასახადები საჰაერო მგზავრზე. ადგილობრივი ფრენების მარშრუტებს კი, სადაც კომერციული ფრენები არ არის, სახელმწიფო შეისყიდის. ავიაკომპანიებს ასევე აქვთ წვდომა $580 მლნ-იან გარანტიების სქემაზე.

პორტუგალია 

პორტუგალიის სასტუმროების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, სასტუმროების სექტორი საშუალოდ მოგების 30%-50%-ს დაკარგავს, რაც დაახლოებით €800 მლნ-ს შეადგენს მარტი-ივნისის განმავლობაში. ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკის 19%-ს ტურიზმი აგენერირებს, COVID-19-ის ზიანი ძალიან მძიმეა. 

€900 მლნ-ს კრედიტების ფორმით მიიღებენ სასტუმროები (საიდანაც €75 მლნ. მიკრო და მცირე ბიზნესისთვისაა განკუთვნილი), €200 მლნ-ს ტურისტული კომპანიები, რეკრეაციული სერვისების მიმწოდებლები და ღონისძიებათა ორგანიზატორები მიიღებენ, €600 მლნ-ს რესტორნები (საიდანაც €270 მლნ. მიკრო და მცირე ბიზნესს მოხმარდება). 

ფინანსური დახმარების გარდა, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს მიაწვდის ინფორმაციას და რჩევებს; ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, 60-მდე ტრენერი, დაეხმარება ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს. 

ტურიზმის სექტორის მიერ მიღებული ზიანის შესარბილებლად: მიკრო მეწარმეები ტურიზმის სფეროში დამატებით მიიღებენ €60 მლნ-ს დაფინანსების სახით; ღონისძიებები, რომლებიც 2020 წელს გადაიდო, მიიღებენ დახმარებას ხარჯების ანაზღაურებისათვის; ასევე, გადავადდება გადასახადების გადახდის ვალდებულება. 

ტურიზმის საკომუნიკაციო კამპანია #CantSkipPortugal გადაკეთდა #CantSkipHope-ად; #Tech4COVID19-ის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც სასტუმროებსა და სამედიცინო პერსონალს აკავშირებს. 

სამხრეთ კორეა

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც COVID-19-ის ვირუსის გავრცელების შედეგად ტურიზმის სექტორმა მძიმე დარტყმა მიიღო, სამხრეთ კორეაა. 1 იანვრიდან - 23 მარტამდე საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 41,3%-ით შემცირდა. ორ კვირაში (23 თებერვალი - 13 მარტი) 30 ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიის ღირებულება $3.2 მილიარდით შემცირდა. მძიმე ეკონომიკურმა ზიანმა ტურიზმის სექტორში გაზარდა უმუშევრობის და არაანაზღაურებადი შვებულებების რაოდენობა.

კორეის მთავრობამ, ტურიზმის სექტორის ზიანის შესამსუბუქებლად, უზრუნველყო, რომ მცირე და საშუალო ზომის ტურისტულ კომპანიებს აქვთ წვდომა არა კოლატერალურ (არა გარანტირებული, მხოლოდ მსესხებელი კრედიტ ისტორიაზე დაფუძნებულ) დაფინანსებაზე $8.17 მილიონის მოცულობით ძალიან დაბალი 1%-იანი განაკვეთით. ხოლო ეროვნულმა და ლოკალურმა გადასახადებმა მათთვის გადაიწია ცხრა თვემდე.

დამატებით, ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ საშუალება ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვან დასაქმებულები. „განსაკუთრებული საქმიანობათა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აანაზღაურებს ხარჯების 90%-ს ექვსი თვის მანძილზე.

კორეის მთავრობა ასევე გეგმავს სამ ეტაპიან ტურიზმის წამახალისებელ კამპანიას. პირველ ეტაპზე იგეგმება საერთაშორისო მოგზაურთათვის რწმენის აღდგენა და ახალი ტურისტული კონტენტის შეთავაზება, მეორე ფაზაში ადრეული სამუშაოები (ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგი, „კორეაში მოგზაურობა უსაფრთხოა“ კამპანიები და ა.შ.). ბოლო ფაზაში აგრესიული მარკეტინგი და პრომოუშენი.

იაპონია 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული ზიანი იაპონიის ტურიზმის სექტორს მიაყენა. 2019 წლის იანვართან შედარებით იაპონიის ძირითადი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებმა 6.8%-ით დაიკლო. მხოლოდ თებერვლის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 58%-ით შემცირდა, ხოლო იაპონურმა ავიაკომპანიებმა, საზღვრების ჩაკეტვისა და ფრენების გაუქმების შედეგად, თებერვალი-აპრილის პერიოდში $2.8 მლრდ-ით იზარალეს. 

ისტორიაში პირველად, 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ივლის-აგვისტოში იქნა გადატანილი. მსოფლიოს მესამე ეკონომიკა გადატანილი თამაშების გამო მშპ-ს 1.4%-ით ($73.5 მლრდ.) შემცირებას ვარაუდობს. 

მარტში იაპონიის მთავრობამ გამოყო 1.6 ტრილიონი იენი ($15 მლრდ.) თვითდასაქმებულების და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტურიზმისა და სხვა მძიმედ დაზარალებულ სექტორში დასაქმებულთა მხარდასაჭერად. 

პანდემიის გადავლის შემდეგ, იაპონიის ტურიზმის სააგენტო $34 მლნ-ს დახარჯავს საერთაშორისო მგზავრებისა და ტურისტებისათვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა იაპონია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს საერთაშორისო მოგზაურთათვის. 

საფრანგეთი

მცირე ბიზნესის ხელშემწყობი €45 მილიარდიანი სტიმულირების პაკეტის გარდა ტურიზმის სექტორში მოქმედ ნებისმიერ დაწესებულებას ეძლევა უფლება გაუქმებული ჯავშნები გაისტუმროს ვაუჩერებით. ვაუჩერების ხანგრძლივობა 18 თვემდეა, ხოლო ამის შემდეგ, თუ მფლობელმა ვაუჩერი არ გაანაღდა, მისი სრულად გასტუმრება ხდება ფულით.

ესტონეთი

გარდა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტით გათვლილი დახმარებისა, რომელიც დაზარალებული სექტორების ბიზნეს სესხების შემსუბუქებასა და მათში დასაქმებულთა ანაზღაურების ნაწილობრივ დაფარვას გულისხმობს, კომპენსაციის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებენ კულტურული ღონისძიებები, რომლებიც გაუქმდა ვირუსის გავრცელების შედეგად.

რუმინეთი

ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ტურიზმის სექტორში, მიიღებენ ანაზღაურების 75%-ს დასაქმების სამინისტროსგან.