მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პასუხებს ელოდება და რას ითხოვს სახელმწიფოსგან ბიზნესი

5e8763c1e76f4
ნინი ლონგურაშვილი
03.04.20 22:30
1370
“მაღაზიების გახსნის პასუხს არ ველოდებით, გვინდა, გაყიდული საქონელი მივაწოდოთ მომხმარებლებს და ამუშავდეს სერვისცენტრი”, – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განაცხადა.

“ჯერ არ გვაქვს პასუხი, ვართ მოლოდინის რეჟიმში, დღის ბოლომდე ველოდებით რაიმე სახის პასუხს, ამჟამად 68 მაღაზია და 7 მომსახურების ცენტრი დახურული გვაქვს, ონლაინ მაღაზია მუშაობდა და ეგეც შეზღუდულ სფეროში მუშაობს, მხოლოდ კომპიუტერები და ტელევიზორები იყიდება. დანარჩენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვყიდით, მაგრამ ვერ ვაწვდით და ვერ ვამონტაჟებთ.
ჩვენთან ყველა წესი დაცულია, ამჟამად, საწყობში მხოლოდ 3 ადამიანი მუშაობს, სერვისცენტრში კი 1 ადამიანი. ჩვენთვის ახლა მთავარია ავამუშაოთ მომსახურების ცენტრი, დროზე უნდა მოვემსახუროთ მომხმარებლებს. ეს ადამიანებს პრობლემას უქმნის, გამომდინარე იქიდან, რომ სერვისცენტრები დაკეტილია, მომსახურებას ვერ ვუწევთ. მეზობელი ქვეყნის მაგალითზე რომ გითხრათ, თურქეთში ონლაინ მაღაზები არ დახურულა, იქ ჩვეულებრივ გრძელდება და მუშაობენ მომსახურების სერვის ცენტრები.

ჩვენ მაღაზიების გახსნის პასუხს არ ველოდებით, არც ოფისში მუშაობის დადებით პასუხს, ერთადერთი ველოდებით საწყობების მუშაობის გაიდლაინს და აუცილებელია იმუშაოს სერვის ცენტრებმა, რათა მოვემსახუროთ მომხმარებლებს", – აცხადებს “ბეკოს” დირექტორი მეჰმედ მელექი. 

მომსახურების სერვისების მიწოდების შეზღუდვას უარყოფითად აფასებს Mymarket/Myshop-ის პროექტის ხელმძღვანელი. ნიკა ჩილინდრიშვილის თქმით, ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან მთავრობისგან კონკრეტულ პასუხებს, თუ რა რეგულაციების და რეკომენდაციების ქვეშ უნდა მოექცნენ. მისივე თქმით, ძირითადი რისკი, რასაც სახელმწიფო ხედავს, არიან საწყობებში და ოფისში მომუშავე ადამიანები.

"ჩვენ გუშინ, მინისტრის განცხადებიდან გავიგეთ, რომ დაიწყება გეგმიური შემოწმებები, თუმცა რა ტიპის შემოწმება იქნება და როგორ მოახერხებენ რესურსის გათვალისწინებით არ ვიცით, ვიცით მხოლოდ ის, რომ გარკვეულ ნორმებში უნდა მოვექცეთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი საწყობები. დღის ბოლომდე ველოდებით მათგან კონკრეტულ პასუხებს, რა რეკომენდაციები და ვალდებულებები იქნება, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობთ, საუკეთესო გამოსავალი ახლა არის დეტალურად გაწერილი გაიდლაინი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა. ეს თუ იქნება გაწერილი, ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცდებით აღვადგინოთ მუშაობა", – აცხადებს ნიკა ჩილინდრიშვილი.