მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პასუხი აქვს "საქპატენტს" გადაჭარბებით მოხმარებულ საწვავთან დაკავშირებით - აუდიტის დასკვნა

5e22ed7dd6a9b
ინგა მურუსიძე
18.01.20 17:05
1282
2017-2018 წლებში "საქპატენტმა" 17 428 ლიტრი საწვავი მოიხმარა, რომლის საერთო ღირებულება 34,680 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "საქპატენტის" საქმიანობა შეისწავლა და დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "საქპატენტს" ავტოპარკთან და საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვს.

"საქპატენტში, ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს დადგენილებით განსაზღვრული სარგებლობის ფორმებიდან (განპიროვნებული, სამორიგეო, ოპერატიული, სპეციალური დანიშნულების), კლასიფიკაციის არც ერთი ფორმა არ აქვს მინიჭებული. ამასთანავე, ერთი-ერთი ავტომობილი ემსახურებოდა თავმჯდომარის მოადგილეს, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან. საქპატენტში, ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულება/მივლინებაში ყოფნისას ჩასხმულია 2,144 ლიტრი საწვავი. მიღებული განმარტებით, თანამშრომლების შვებულება/მივლინებაში ყოფნისას, ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. გამომდინარე იქიდან, რომ შვებულება/მივლინების პერიოდში ავტომობილის საწვავით გამართვის მიზანშეწონილობაზე კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.

2017-2018 წლებში სულ ასეთმა ხარჯმა შეადგინა 17,428 ლიტრი, ღირებულებით − 34,680 ლარი. ავტომობილების საჭიროების მიხედვით გადანაწილების და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად, საქპატენტმა ავტომანქანების კლასიფიცირება უნდა შეუსაბამოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტკიცებულ "სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესს", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტი "საქპატენტის" ხელმძღვანელობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

1. საწვავის ხარჯვაზე სრულყოფილი კონტროლის მიზნით, მიზანშეწონილია ავტომობილის გადაადგილების სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა, ხოლო თუ ეს ტექნიკური საშუალებებით ვერ მიიღწევა, აწარმოოს დოკუმენტაცია ე.წ. საგზურის ფურცლებით, სადაც ფიქსირდება ავტომობილების კონკრეტული მიმართულება და გავლილი მანძილი;

2. "საქპატენტის" ხელმძღვანელობას სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა.