მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერსპექტივას ხედავს "სინერჯი" თევზის ბაზარზე და რა გეგმები აქვს "უმალში"

6140b83813343
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 19:16
969
Euromonitor-ის მონაცემებით, საქართველოში 1 სულ მოსახლეზე თევზის მოხმარება (8.04კგ/წელიწადში) მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული (24,4კგ), განვითარებადი (20,7კგ) და სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნების (9.3კგ) შესაბამის მონაცემებს. ზოგადად, მოხმარების ტენდენცია მზარდია და თევზის მოხმარება ყოველწლიურად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა ცილოვანი პროდუქტების მოხმარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ორივე აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპს.

საქართველოში, იმავე წყაროს პროგნოზით, 2026 წლისთვის ერთ სულზე თევზის მოხმარება წლიურად 20.6 აშშ დოლარს მიაღწევს, 2031 წლისთვის 31.1 აშშ დოლარი იქნება. ეს ნიშნავს, რომ 2031 წელს საქართველოს თევზის ბაზარი 110-115 მლნ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 2020 წელთან შედარებით დაახლოებით 150%-იანი ზრდაა.

თევზის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მოწესრიგებული სფეროა საქართველოში. ძალიან დიდია ე.წ. კუსტარული წარმოების წილი, განსაკუთრებით რეგიონებში. ორგანიზებული წარმოებებიდან გამოირჩევიან: შპს „ოკეანე“ - „ნიკორას“ ჯგუფის თევზის წარმოება, შპს „ახალი თევზი“ („უმალის“ ბრენდით), შპს „რერა“, შპს „მარშე“.

რეგიონში ყველაზე დიდი თევზის საწარმოო სიმძლავრეები აქვს „უმალს“ (შპს „ახალი თევზი“), რომელმაც ახლახანს ასორტიმენტის განვითარების და გაყინული თევზის ბაზარზე შესვლის გეგმები დააანონსა.

ცოტა ხნის წინ კაპიტალის ზრდის კომპანია „სინერჯიმ“ „უმალის“ 30%-იანი წილის შეძენაზე გააფორმა შეთანხმება და მისი ღირებულების ზრდაზე მუშაობა დაიწყო.

„სინერჯის პორტფელის გაფართოება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ჯანსაღი პროდუქტების და სერვისების მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების დამატებისკენ და განვითარებისკენ გვაქვს მიმართული. გარდა იმისა, რომ თვითონ თევზის ინდუსტრია მზარდია საქართველოში და ამ მხრივ საინტერესო ბაზარია რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენი როლი შევასრულოთ ამ პროდუქტის მოხმარების ზრდაში და პირველ რიგში საქართველოში მოსახლეობას ჰქონდეს ხარისხიანი, ჯანსაღი თევზის პროდუქტების კარგი არჩევანი ხელმისაწვდომი როგორც ფასით, ისე ტერიტორიულად“, - აცხადებენ „სინერჯიში“.

როგორც ცნობილია, „უმალს“ ამ დროისთვის თავისი საწარმოო სიმძლავრეების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. კომპანიას აქვს პოტენციალი გაცილებით მეტი დასახელების პროდუქტი აწარმოოს და ბევრად მეტ გაყიდვის არხში კარგი პირობებით იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან დამოუკიდებელი კომპანიაა და არ არის რომელიმე საცალო ქსელთან დაკავშირებული.

„იმისთვის, რომ ხარისხიანი თევზის პროდუქტის მოხმარება გაიზარდოს ქვეყანაში, დაგეგმილი გვაქვს ასორტიმენტის გაფართოება; საკუთარი იმპორტის განვითარება და გაყინული თევზის ბაზარზე შესვლა, რაც სხვადასხვა საფასო სეგმენტისთვის მისაღები პროდუქტების გამოშვებაში დაგვეხმარება; თევზის მოხმარების და ბრენდის პოპულარიზაცია, მათ შორის, „უმალის“ წარმოების მაღალი სტანდარტის მოსახლეობისთვის უკეთ გაცნობა და ტერიტორიული მოცვის გაფართოება, რათა პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს“, - აცხადებენ „სინერჯიში“.

როგორც კომპანიაში ამბობენ „უმალის“ შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ საწარმო თავის დროზე მიზანმიმზართულად იმისთვის შეიქმნა, რომ კონკრეტულად თევზის პროდუქტები აწარმოოს, სრულად ამ ბიზნესზეა კონცენტრიტრებული და სპეციალიზებული. შესაბამისად, მთელ კომპეტენციას ამ მიმართულებით აგროვებს.
(NS)