მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით დაასუბსიდირებს მთავრობა მეთხილეებს?

635f84166e3d9
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.22 12:21
985
მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამას იწყებს - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისივე თქმით, პროგრამისთვის, პირველ ეტაპზე, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პროგრამის დაწყების მნიშვნელობასა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ეს ფაქტორებია მიმდინარე წელს არსებული კლიმატური პირობების გამო თხილის შემცირებული მოსავლიანობა და ხარისხი, ასევე საერთაშორისო ბაზარზე თხილის შემცირებული ღირებულება და მოთხოვნა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროგრამის დეტალები გააჟღერა და აღნიშნა, რომ ფერმერთა და მეწარმეთათვის ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

„მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელიც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე ფართობი საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს, ჩვენ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარიან დახმარებას აგრობარათით ქულების სახით მივცემთ, რომლის გამოყენებას თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შესასყიდად გამოიყენებენ. შედეგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში მოსავლისა და ხარისხის გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს.

გარდა ამისა, ჩვენ შეღავათებს 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ბაღების მფლობელი ფერმერებისთვისაც გავაკეთებთ და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობის საშუალებას მივცემთ და 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს დავუფინანსებთ.

ეს ღონისძიებები ხარისხიანი თხილის მოსავლის მიღებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ისიც აღნიშნა, რომ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისთვის შეიქმნება თხილის ბაღების აღრიცხვის პროგრამა.

„ჩვენ გავაკეთებთ თხილის კადასტრს და აღვრიცხავთ ყველა თხილის მოსარგებლეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით. გვექნება ინფორმაცია ფართობებისა და ჯიშების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ შესაბამისი ანალიზი და თხილის სექტორის მხარდაჭერისთვის შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ“, - თქვა შამუგიამ.