მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით შეძლებენ იურიდიული პირები A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შეძენას?

63dbbc6151a22
ანუკა ჯოხაძე
02.02.23 18:00
1385

თბილისის მერია 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

თბილისის მერიის ცნობით, 1-ელი აპრილიდან მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. მისი მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან იქნება შესაძლებელი, რომელიც საკუთრებაში ფლობს ამ ნებართვას.

აღსანიშნავია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.

თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, რომ 1-ელი აპრილიდან იურიდიულ პირებს ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისგან ექნებათ შესაძლებლობა ლიცენზიები შეიძინონ. თუმცა გარკვეული შეზღუდვით, იურიდიული პირები მხოლოდ იმ რაოდენობის ლიცენზიებს შეიძენენ რა რაოდენობის A კატეგორიის ლიცენზიის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება ეყოლებათ.

მისი განმარტებით, ამ შეზღვუდვით ბაზარზე მონოპოლიის რისკები იქნება დაზღვეული.

“1-ელი აპრილიდან იურიდიულ პირებზე არანაირი ნებართვა უფასოდ არ გაიცემა. საერთოდ მერია არ აპირებს იურიდიულ პირებზე ნებართვის გაცემას. თუ რომელიმე იურიდიულ პირს უნდა ბაზარზე შემოსვლა და ნებართვის მართვა, უნდა იყიდოს ეს ნებართვა იმ პირებისგან, ვისზეც ჩვენ დავარიგებთ ამ ნებართვებს. შეზღუდვა აქვთ იურიდიულ პირებს.

მონოპოლიზაციისგან დაცვის მიზნით გათვალისწინებულია, რომ იურიდიული პირი ვერ იყიდის იმაზე მეტ ნებართვას რამდენი A კატეგორიის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებაც აქვს საკუთრებაში”,  -აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ტაქსების რეფორმის ფარგლებში სულ გაცემულია ტაქსის 125 103 ლიცენზია; მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაცემულია A კატეგორიის ტაქსის 81 415 ლიცენზია. ამასთან, სულ დარეგისტრირებულია 28 478 A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი;

რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის III ეტაპი?