მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალს ქმნის ინვესტირებისთვის COVID-19?

5e8ade320a9ab
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.20 10:15
2124
საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორის ოთარ შარიქაძის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკი 2-3 თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება და არსებული ვითარება უფრო ფართომასშტაბიან კრიზისში არ გადაიზარდა, მაშინ ინვესტორებისთვის იქმნება შესაძლებლობა, რომ ამ პერიოდში გაიაფებულ კომპანიებში მოახდინონ ინვესტირება.

"მდგომარეობა საკმაოდ ვოლატილურია. ერთი მხრივ, კრიზისი აზარალებს ნაწილს, მეორეს მხრივ, არის პოტენციალი ინვესტიციისთვის. ძალიან ბევრი კომპანია გაიაფდა და ვხედავთ, რომ არის გარკვეული მესიჯები, რომ როგორც კი კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, შეიძლება ძალიან სწრაფი მოტრიალებაც მოხდეს. მთავარია, ზღვარს არ გასცდეს. ეს რაღაც ზღვარი ალბათ არის 2-3 თვე, რის შემდეგაც გლობალურად შეიძლება მძიმე რეცესიაში გადავიდეთ. გლობალურად ვხედავთ, რომ ჩინეთში ამუშავდა ქარხნები, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე ტალღა არ იყოს. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება აზიაში, იმიტომ რომ აზიაში პირველი ტალღა გადავლილია და ის შემთხვევები, რაც მათ აქვთ, უმეტესობა იმპორტირებულია. ფაქტია, ქარხნები მუშავდება და ნელ-ნელა უკვე ჩინეთი თავისი ფუნქციის და როლის შესრულებას დაიწყებს. ახლა მთავარია ევროპა და ამერიკა მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.

ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროსთან დაკავშირებით კი Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორი BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კრიზისული ვითარება გადაივლის, მოქალაქეები კვლავ დაუბრუნდებიან მოგზაურობას.

საქართველოში მშპ-ის 20%-მდე არის დამოკიდებული ტურიზმზე. ისტორიულად თუ ავიღებთ რა კატაკლიზმები ხდებოდა სხვა ქვეყნებში, ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ძალიან ჩქარა უბრუნდება ჩვეულ რიტმს. თუ საფრთხე მოიხსნა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც ეს სფეროც აღდგება. ადამიანს უყვარს მოგზაურობა, უყვარს გართობა, მეგობრებთან ყოფნა და ეს ყველაფერი მიჯაჭვულია ტურიზმზე. აქედან გამომდინარე მგონია, რომ თუ ეს შიში მოიხსნება რაც შეიძლება ჩქარა, უნდა ველოდოთ აღდგენას ამ მიმოსვლის,”- ამბობს ოთარ შარიქაძე BMG-სთან საუბარში.