მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოზიცია აქვს საბანკო ასოციაციას სესხის გაცემის წესის ცვლილებაზე?

6220c73e7fbee
ელენე გოგბერაშვილი
03.03.22 20:10
2237
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებები შედის. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეს ზღვარი 1500 ლარამდე იზრდება. 

საბანკო ასოციაცია ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მათი შეფასებით, აღიშნული რეგულაცია სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის შენელებისკენ არის მიმართული. ცვლილებები, რომელიც ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს, მათი თქმით, სამომხმარებლო სესხების მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას სესხებზე წვდომას შეუზღუდავს.

„აღნიშნული შეეხება სამომხმარებლო სესხების მსესხებელთა, დაახლოებით, 25%-ს. თქვენ თუ მოითხოვთ სესხს და ხვდებით 1000-დან 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებში, თქვენი ყოველთვიური გადასახადი აღარ უნდა აღემატებოდეს 25%-ს. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც შეძლებს სესხით სარგებლობას, ისე შეამცირებს მოთხოვნილი თანხის მოცულობას... აღნიშნული სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის შენელებისკენ არის მომართული.

რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ 2018 წელსაც არ ვეთანხმებოდით აღნიშნულს და დღესაც მიგვაჩნია, რომ არ არის გადახურების პირას ეკონომიკა სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის თვალსაზრისით”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო სექტორის გარდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას არ იზიარებს ფინანსისტთა ნაწილიც.

„მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილების მოტივაცია რა იყო სებისთვის, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს უკავშირდება იმ შესაძლო პრობლემებს, რომლის წინაშე გარკვეულწილად დავდგებით, რადგან საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ინტეგრირებულია რუსეთის ეკონომიკასთან. ფულადი გზავნილების ნაწილში, ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები თანდათანობით უფრო მეტად გაჭირდება და გარკვეულწილად შეუქმნის საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას პრობლემებს იმ თავლსაზრისით, რომ ჭარბვალიანობის კოეფიციენტი მოიმატებს. ალბათ ამ კონტექსტში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა მე არ ვეთანხმები ასეთ ნაბიჯებს, რადგან ვფიქრობ, ეს უფრო თავისუფალმა ბაზარმა უნდა გადაწყვიტოს და არა რეგულაციებმა. არ ვფიქრობ, რომ პირობითად ამით ფინანსურ სტაბილურობას დიდი დარტყმა მიადგება, იმიტომ რომ პრინციპში მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელთაც შეეძლოთ ლიკვიდობით ესარგებლათ და საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ, ვსაუბრობ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე, ამ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ცხადია პრობლემები შეექმნება“, - აცხადებს აკაკი ცომაია.

ცვლილებები შედის იპოთეკური სესხების გაცემის წესშიც. ახალი პირობების მიხედვით, ბანკებს მოუწევთ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული.

„ეს ეხება საპროცენტო განაკვეთის შოკის ეფექტის გათვალისწინებას ყოველთვიური გადახდის თანხის გამოთვლის დროს. 3%-იანი შოკის გამოთვლის გათვალისწინება გულისხმობს, სესხის მიცემამდე ყოველთვიური შემოსავლის კოეფიციენტის გამოთვლას, თუ რა თანაფარდობაში უნდა იყოს ის მთლიან შემოსავალთან. ყოველთვიური გადასახდელის დაანგარიშებისას აუცილებელია სესხი დავიანგარიშოთ +3%-იანი საპროცენტო განაკვეთით. თუ ამას აკმაყოფილებს მომხმარებელი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ბანკი რომ მისცეს სესხი ამა თუ იმ მსესხებელს. ანუ თუ თქვენ იღებთ სესხს 7%-ში და ყოველთვიური გადასახადი გიწევთ მაგალითად 100 ლარი, თქვენ უნდა გადაიანგარიშოთ რამდენი მოგიწევდათ 10%-იანი სესხის შემთხვევაში, მაგალითად 110 ლარი და თქვენი შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეთ 110 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ცვლადგანაკვეთიან სესხებზე თქვენ კონტრაქტულად მიიღებთ 7%-იან სესხს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ყოველთვიური შემოსავლის გამოანგარიშების გამკაცრების ნაწილია ანუ ე.წ. PTI-ის გამკაცრებაზეა საუბარი“, - განმარტავს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 მაისიდან უნდა შევიდეს.