მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრინციპით გადანაწილდებიან COVID-ინფიცირებულები სასტუმროებში - მინისტრი

5f5b627335b96
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.20 15:54
623
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ კოვიდით ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებსა და სასტუმროებში გადანაწილების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ თითოეულ პაციენტის ჯანმრთელობაზე მედიკოსები იზრუნებენ.

„პირველივე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ საშუალება, დარეკონ 112-ის ცხელ ხაზზე, რომელიც სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ბრიგადებთან ერთად მუშაობს, ასევე, მათთან ერთად არის ჩართული 25-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ობიექტი, სადაც მრავალი პირველადი ჯანდაცვის ექიმია, სადაც ხდება გარკვეული ფილტრების შედეგად პაციენტებზე დაკვირვება და ამ დაკვირვების შედეგად პაციენტები გადაყვანილნი იქნებიან ჰოსპიტალში და ასევე, მიმართულები იქნებიან იმ სპეციალიზირებულ ცხელების კლინიკებში, სადაც ხდება კოვიდის დიაგნოსტირება.

მას შემდეგ, რაც ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დაადგენს, რა სტატუსის მატარებელია პაციენტი ანუ არის ის მრავლობითი ქრონიკული დაავადებების თანმხლებ ფონზე მიმდინარე კოვიდ-ინფიცირებული თუ - არა, მოხდება მათი გადანაწილება უკვე იმ სასტუმროებში, სადაც ასევე მობილიზებული გვყავს ექიმების ჯგუფი, რომლებიც  ამ პაციენტებზე ზრუნვას განაგრძობენ“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.