მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრინციპით ხდება სამედიცინო პრუდუქციის ექსპორტის შეზღუდვა - რეგულირების სააგენტოს განმარტება

5e7e1fc6b22fc
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.20 12:00
1701
ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ 23 მარტიდან ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოდან სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეიზღუდა, - ამის შესახებ BM.GE-ის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სააგენტოს ექსპორტიორთა კონკრეტული შემთხვევების შესასწავლად შექმნილი ჯგუფის ზედამხედველობა დაევალა. ზაალ კაპანაძემ იმ მექანიზმზე ისაუბრა, რომლითაც ხდება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტზე გაშვება, ან შეზღუდვა.

„იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაც გვაქვს, მთავრობამ საქართველოში ახალი კოროვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიების და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების ოპერატიული რეაგირების გეგმა შეიმუშავა და 16 მარტის განკარგულებით ერთ-ერთ პუნქტში შეიტანა ცვლილება, რომ სიტუაციის გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე დროებითი ღონისძიების სახით გარკვეულ ფარმაცევტულ პროდუქტზე და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე საქართველოდან გატანის ექსპორტ-რეექსპორტზე დაწესებულიყო შეზღუდვა.

ამის საფუძველზე ჯანდაცვის მინისტრმა 23 მარტს გამოსცა ბრძანება ოპერატიული ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს სიტუაცია. ჯგუფში შესულნი არიან სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები - ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, სამინისტროს თანამშრომლები, ხოლო რეგულირების სააგენტოს მათი ზედამხედველობა დაევალა. ეს ჯგუფი კოლეგიალურად იღებს გადაწყვეტილებას რა სახის პროდუქცია იქნას, ან არ იქნას გატანილი ექსპორტზე.

მექანიზმი არის ასეთი - მედიკამენტები, რომლებიც უნდა გავიდეს ექსპორტზე კონცერტრირდება საბაჟოზე; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გვიგზავნის ოპეარტიულ ჯგუფს ინვოისებს, სადაც არის ამ პროდუქტების ჩამონათვალი. ოპერატიული ჯგუფი, ეყრდნობა რა ინფექციონისტების, ექიმების, სპეციალისტების დასკვნას, სწავლობს ამ ჩამონათვალს და იღებს გადაწყვეტილებას მოხდეს თუ არ მოხდეს მედიკამენტების ექსპორტი.

ყველაფერი ეს კეთდება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ სპეციალური აღჭურვილობის დეფიციტი შეგვექმნა. შესაბამისად იმისთვის, რომ არ შეიქმნას მედიკამენტების და აღჭურვილობის დეფიციტი მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება“, - განმარტა ზაალ კაპანაძემ.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტების სია განსაზღვრული არ არის და მედიკოსები ამას თვითონ, ობიექტური გარემოებების საფუძველზე, წყვეტენ.

„ეს ჯგუფი იმისთვის არის შეკრებილი, რომ მათ უნდა განსაზღვრონ ყოველი კონკრეტული შემთხვევა. ახალი კორონავირუსი მეცნიერებს ბოლომდე შესწავლილი არ აქვთ, შესაბამისად არ ვიცით კიდევ რა სახის გართულებები შეიძლება ჰქონდეს მას, სწორედ ამიტომ მედიკოსთა ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოახდინონ რომელი მედიკამენტის ექსპორტი შეიძლება ჩაითვალოს ნებადართულად და რომელი არა. კონკრეტული მედიკამენტები იმიტომ არ იყო განსაზრვრული, რომ ჩარჩოში არ ყოფილიყო ჩასმული მედიკამენტები, რომ სპეციალისტებს გაერკვიათ კიდევ რომელი შესაძლო მედიკამენტები შეიძლებოდა დასჭირვებოდათ ქვეყანაში და არ შექმნილიყო დეფიციტი“, - ამბობს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი.

BM.GE-ის კითხვაზე, რომ კომპანიებს აქვთ უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული ვალდებულებები, რომლებსაც ამ შეზღუდვიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ვერ ახორციელებენ და მათ ესაჭიროებათ უცხოეთიდან ნედლეულის შესყიდვა, რომელიც გარკვეულწილად უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე უნდა განახორციელონ, ზაალ კაპანაძე პასუხობს, რომ ამ რთულ მდგომარეობაში პრიორიტეტების გაკეთებაც ძნელდება.

„ორი მოცემულობა გვაქვს. პრიორიტეტულობის განსაზღვრა რთულია და ორივე მნიშვნელოვანია, ამიტომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მივიღეთ - შეჯერებულად მომხდარიყო კონკრეტულ შემთხვავაში რისი გატანა შეიძლება და რისი არა“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში მარაგებიც შეიძლება არ იყოს იმის გარანტორი, გავა თუ არა ამა თუ იმ დასახელების სამედიცინო პროდუქცია ექსპორტზე.

„რაც შეეხება მარაგებს, მდგომარეობა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მარაგების განსაზღვრის საკითხიც რთულდება“, - თქვა ზაალ კაპანაძემ. 

მისი ინფორმაციით, შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე, დაახლოებით, 8 კომპანიას ეთქვა უარი.