მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები აქვს "ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიას"

5df4aea4d5491
ანი ციხისთავი
14.12.19 16:00
1498
"ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიის" დირექტორმა თამარ ხაბეიშვილმა, გადაცემა "საქმიან დილაში" ქართული ჩაის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ქართულ ბაზარზე შესვლა ძალიან ძნელია, სწორედ ამის გამო "ლაითურის" პროდუქტის 80% საექსპორტოა, ხოლო 20% ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

ხაბეიშვილის განმარტებით, დიდ მაღაზიათა ქსელების თაროზე პროდუქტი ვერ ხვდება, რადგან მათ თაროებზე უცხოური პროდუქტი იყიდება.

"იმპორტირებული ჩაის დაბალ საფასურს კონკურენციას ვერ ვუწევთ, რადგან ჯერჯერობით არსებული დაბალი წარმადობის გამო, ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება მაღალია, რის გამოც დაბალი ფასი ვერ გვაქვს", - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ეს პრობლემები ექსპორტსაც უშლის ხელს.

"ხშირად გვეკითხებიან, ადგილობრივ ბაზარზე სად ვართ წარმოდგენილი და როდესაც პასუხი არ გვაქვს, ეს კომპანიის მიმართ ნდობას ამცირებს", - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

ამ პრობლემებთან ერთად, კომპანიის დირექტორის განცხადებით, პროფესიონალი კადრების პოვნა ძალიან ძნელია.

"ახალგაზრდები ძირითადად თურქეთში გადადიან სამუშაოდ და ჩვენთან ისევ ის ძველი კადრები არიან დასაქმებული, რომლებიც 20 წლის წინ იყვნენ. დასაქმებულები თვითონაც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, რადგან ქართული კომპანია ვართ, მაგრამ წელს შედეგი როცა დაინახეს, უკვე ცოტა სხვანაირად გვიყურებენ", - ამბობს ხაბეიშვილი.

"ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიის" საწარმო, რომელიც გურიაში, სოფელ ნაგომარში მდებარეობს, სეზონურად, მინიმუმ 30 ადამიანს ასაქმებს. კომპანიამ წელს ახალი საწარმოც გახსნა და ქართულ გრეხილ შავ და მწვანე ჩაის საწარმოში HACCP-ის სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს. მიმდინარე წლის განმავლობაში საწარმოს წარმადობამ 2.5 ტონას მიაღია, მომავალ წელს კი 6-8 ტონა ჩაის მოსავალს ელოდებიან.

კომპანიის დირექტორის თქმით, მათი პროდუქტი სრულად ნატურალურია – მინარევების გარეშე და მაღალი ხარისხის.