02.მარტი .2021 12:04

რა პრობლემები შეიძლება შექმნას ზამთრის კურორტებზე PCR ლაბორატორიის არარსებობამ?

რა პრობლემები შეიძლება შექმნას ზამთრის კურორტებზე PCR ლაბორატორიის არარსებობამ?
views 302
უკან

ზამთრის 4 კურორტიდან PCR ტესტის ჩატარების საშუალება მხოლოდ 1 კურორტზეა. ეს პრობლემად მიაჩნიათ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, რადგან არსებული covid-წესების მიხედვით, უცხოელმა ტურისტმა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე შეუძლიათ შემოსვლა, მესამე დღეს PCR ტესტი ისევ უნდა გაიკეთოს, ამიტომ ზამთრის კურორტებზე PCR ლაბორატორიის არქონა, შესაძლოა, ტურისტებისთვის დისკომფორტი იყოს. მათ შორის ერთ-ერთია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.

მისი თქმით, სექტორის წარმომადგენლებისთვის კურორტებზე PCR-ტესტების ამღები ლაბორატორიების არარსებობა სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია, რომ „ისედაც ცოტა ტურისტი სულ არ დაიკარგოს“.

„ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა - ტურისტი დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა მესამე დღეს ტესტის აღებას გუდაურში და იმის გამო, რომ ეს არ შეუძლია, გეგმავს სამი დღით თბილისში დარჩეს და მერე ამოვიდეს გუდაურში. გამოდის, რომ ვკარგავთ ტურისტს. ეს არასასიამოვნოა, რადგან უცხოელი ისედაც ცოტა გვყავს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ტურიზმის აღდგენას; მათ კომფორტი უნდა შევუქმნათ“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

მისივე თქმით, სექტორის მოთხოვნა ძალიან მარტივი შესასრულებელია. კერძოდ, შესაძლოა, ზამთრის კურორტებზე არსებობდეს მობილური ლაბორატორია, რომელიც ტურისტებს მოემსახურება.

„არაფერი რთული შესასრულებელი ეს არ არის. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე პატარა ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია pcr-ტესტის გაკეთება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მაქსიმუმ 8 მარტამდე უნდა მოგვარდეს, რადგან, მაგალითად, გუდაურში სწორედ ამ დროიდან ველოდებით მოთხილამურეებს; მათ შორის ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც იქნებიან უცხოელები. ყველა იმ წერტილში, სადაც ტურისტებს გაუჭირდებათ, რომ აქეთ-იქით იარონ ტესტის ასაღებად, აუცილებელია, მცირე ლაბორატორიების მოწყობა ტურიზმის აღდგენის ხელშესაწყობად“, - განაცხადა კოკაიამ.

როგორ აპირებს მთავრობა აღნიშნული თემის მოგვარებას, ჯერჯერობით, უცნობია. ფაქტია, ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების მიუხედავად, დღეს ზამთრის კურორტებზე PCR ტესტების აღება შეუძლებელია. Bm.ge ეკატერინე ტიკარაძის უწყებას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და მათ განმარტებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა