08.მაისი .2020 22:40

რა პრობლემების წინაშე დგას რესტორანი "ბარბარესთან"?

views 760
უკან

ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების მიმართულებით დაწესებულ შეღავათებს დადებითად აფასებენ რესტორანი „ბარბარესთან“ მენეჯმენტში. თუმცა, რესტორნის გენერალური მენეჯერი ანდრია ქურასბედიანი ამბობს, რომ მთავრობის დახმარება დანაკარგების 20%-საც ვერ დააბალანსებს, განსაკუთრებით მტკივნეული კი მათთვის სახელფასო ფონდია. იმის გამო, რომ რესტორანი ტურისტებზე იყო დამოკიდებული, ფიქრობენ, რომ ვირუსამდელ პირობებში მუშაობის აღდგენას 2021 წლამდე ვერ შეძლებენ და შესაბამისად ვერც თანამშრომლების დაბრუნებას მოახერხებენ.

„მივესალმებით იმას რომ ქონების გადასახადი გააუქმეს და საშემოსავლო გადაავადეს, თუმცა ამის გარდა ძალიან ბევრი სირთულის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უნდა დავალაგოთ მეიჯარეებთან ყველთვიურ ხარჯებთან დაკავშირებით არსებული საკითხები, ასევე კომუნალური გადასახადებია ძალიან დიდი. ძალიან ბევრი საკვები ობიექტი საქართველოში უცხოელ სტუმრებზეა დამოკიდებული და მათ შორის ჩვენც. ჩვენი საფასო სეგმენტი და კონცეფცია უმეტესად მათზე იყო გათვლილი. თვიური ბრუნვა თუ გვქონდა 200-300 ათასი ლარი ამ შემთხვევაში 80%-ით შემცირდება, კოლოსარული თანხაა 8-10 თვეზე თუ გადავამრავლებთ. მთავრობის დახმარება დანაკარგების 20%-საც ვერ დააბალანსებს.

დღგ-ს ნაწილში არანაირი შეღავათი არ ყოფილა, რაც თვის განმავლობაში დიდ თანხებზე ადის, ასევე ხელფასების ნაწილში რომ ყოფილიყო დამხარება იმისა, რომ თანამონაწილეობა მიეღოთ სახელფასო ფონდის ნაწილში კარგი იქნებოდა. ის 1200 ლარი არის მინიმალურზე მინიმალური.

ყველაზე მთავარი თანამშრომლები და მათი სამუშაო ადგილებია, ჩვენი გუნდის უმრავლესობა შვებულებაშია. შევქმენით გატანის სერვისი, რომელიც საერთოდ სხვა კონცეფციაზეა დაფუძნებული და ამის ხარჯზე 10-მდე ადამიანი დავასაქმეთ. ეტაპობრივად გავხსნით ტერასას, თუმცა, იქ საუბარია 10 სკამზე და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას მოითხოვს. სრულყოფილად დასაქმება 2020 წელს ვერ მოხდება, არც გვაქვს ილუზია, რომ სრულად დავიტვირთებით, გათვლას ვაკეთებთ 2021 წლის მეორე ნახევარზე.“ - განაცხადა ანდრია ქურასბედიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა