მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს აწყდებიან ქართველი მეცხვარეები პირუტყვის ექსპორტისას? - ასოციაცია

60b8cbdc09294
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.21 09:00
1160
სურსათის ეროვნულ სააგენტოში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ექსპორტიორებს არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სააგენტოს მიერ მოწესრიგებულია საკანონმდებლო და ტექნიკური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ცოცხალი ცხოველების საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

შეხვედრას მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცხვრის ექსპორტის აქტიური სეზონის დაწყებისას საჭიროა, ყველა პროცედურა წინასწარ გათვლილი და შეთანხმებული იყოს და არ იყოს რაიმე მოულოდნელობები, იმისთვის რომ საქართველოდან ცხვარი რაც შეიძლება მეტ ბაზარზე გადიოდეს.

როგორც ირკვევა სეს-თან კომუნიკაციის ინიციატორი სწორედ მეცხვარეთა ასოციაცია იყო. BM.GE-მ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, რას გულისხმობდა ექსპორტირებისას შესაძლო მოულოდნელობებში. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ახალი სეზონის დაწყებას თან სირთულეები ახლავს ხოლმე: ის 2 მთავარ საკითხს ასახელებს.

"ახალი სეზონის დაწყებას ყოველთვის ახლავს სხვა ქვეყნიდან ცხვრის შემოყვანა საქართველოში და შემდეგ მისი როგორც ქართული ცხვრის რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე. ბოლო წლებში ამ პროცესს უცხოური ცხვრის ტრანზიტით გადაყვანის სახელი დაერქვა. ეს პროცედურები მოუწესრიგებელია. არის რაღაც საკითხები, რომლის გაკონტროლებასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ცდილობს, თუმცა ბოლომდე ვერ ახერხებს. ექსპორტის მიმართულებით არსებული რისკების მოსაგვარებლად ვცდილობთ, წინასწარ შევხვდეთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და არსებული საკითხების გადაჭრის გზებზე საუბრითა და მათზე მუშაობით არამხოლოდ შევინარჩუნოთ დღეს არსებული საექსპორტო ბაზრები, არამედ გავაფართოვოთ.

2016 წელს არსებული პრობლემების გამო იორდანიის ბაზარი დავკარგეთ. მსხვილი შემსყიდველი მხოლოდ საუდის არაბეთია და იმისთვის, რომ ექსპორტი შეუფერხებელი იყოს წესები ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას.

უცხო ქვეყნიდან ტრანზიტის დროს სხვადასხვა დაავადების გადმოტანის რისკებიც არსებობს, რადგან იმპორტირებული ცხვრის ფარა შეიძლება კონკრეტულ ადგილას ჩამოსვან და იქ ქართველმა ფერმერებმა მიიყვანონ თავისი საქონელი, შედეგად კი ქართული საქონელი ინფიცირდება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შიშები, ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ჩვენს თავზე უკვე ვიწვნიეთ, ამიტომ თავის დამშვიდების უფლება არ გვაქვს. უნდა იყოს კარგი კონტროლი, რადგან თუ ცხვარი ექსპორტზე არ გავიყვანეთ, საქართველოში მის რეალიზებას ვერ მოვახდენთ, არავინ მოიხმარს ამდენ ცხვარს ქვეყნის შიგნით, ამიტომ ექსპორტს მეცხვარეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს სამუშაო პროცესია, რომლის ფარგლებში ხდება ამ საკითხების განხილვა და მოგვარება“, - განმარტა ბექა გონაშვილმა.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკარანტინე ზონების მკაცრი კონტროლი და აღრიცხვა, საბაჟო წესების სწორად გაწერა ის მექანიზმებია, რომელთა გამართული მოქმედება და დაცვა ექსპორტს ხელს შეუწყობს.

მისივე ინფორმაციით, ცხვარზე ფასებმა დღეისთვის დაახლოებით 10-15%-ით მოიმატა, დღეისთვის საქართველოში ერთი სული ცხვრის ფასი 270-დან 320 ლარის ფარგლებში მერყეობს. საექსპორტო ბაზარებზე კი ქვეყნების მიხედვით ფასები 100-დან 120 დოლარამდეა.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ცხვრისა და თხის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 4.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 132%-ით აღემატება. ცოცხალი წვრილფეხა ცხოველი ამ პერიოდში საუდის არაბეთში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აზერბაიჯანსა და ყატარში გაიყიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 71 300 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია ექსპორტირებული.