მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს ქმნის გაჩერებული ლარსის საბაჟო ექსპორტიორებისთვის?

62b9df07b51c6
მარიამ ვარადაშვილი
27.06.22 22:00
2508
დღეს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი მუშაობას აჩერებს. მიზეზი დარიალის ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური ვითარებაა, რის გამოც საზღვარზე საქონლის შეტანა-გატანა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ ხორციელდება.

ამ დრომდე უცნობია როდის განაახლებს რუსეთ-საქართველოს საზღვართან არსებული საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობას, სადაც ტვირთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მანამდეც რიგები იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული გზის აღდგენა უკვე დაიწყო. დისტრიბუტორთა და იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ექსპორტ/იმპორტიორებს ტვირთების გადაზიდვა ალტერნატიული გზით საბაჟო გამშვებ პუნქტ წითელი ხიდის მეშვეობით უწევთ. მისივე თქმით, ამ გზით ტვირთების გადაზიდვა შედარებით ძვირი და დროში გაწელილი იქნება.

“ალტერნატიული გზა აზერბაიჯანთან არსებული საზღვარია, საიდანაც შესაძლებელი იქნება როგორც ტვირთების შემოტანა, ასევე გატანა, თუმცა ეს ფასზე აისახება. ასეთი შემთხვევები ბევრია ხოლმე, როდესაც ლარსის გამშვები პუნქტი იკეტება ზვავსაშიშროების გამო და ამ გზით სარგებლობას ვერ ახერხებენ. ამის გამო ტვირთები აზერბაიჯანის გავლით შემოდის. ეს ადგილობრივი ფერმერებისთვის დისკომფორტი იქნება, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტს ეწევიან. აზერბაიჯანის საზღვრიდან ტვირთის გატანა დროში უფრო გაწელილია. პირობითად თუ ლარსის გამშვები პუნქტიდან ტვირთის გატანას 5 დღე სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს დრო 10-12 დღეა. ეს ასევე პრობლემურია იმ მხრივ, რომ რიგები გაიზრდება. აქ მხოლოდ ქართულ ტვირთებზე არ არის საუბარი, ამ გზას იყენებენ სომხეთიდან შემოსული სატვირთო მანქანებიც და მათთვისაც სერიოზული პრობლემაა. სომხეთისთვის ერთადერთი გზა რუსეთიდან იმპორტ/ექსპორტისთვის საქართველოზე გადის და ისინი აზერბაიჯანის გზით ვერ ისარგებლებენ”, - აცხადებს ჭყონია.