მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტის განხორციელებას გეგმავს ინვესტორი "ანანოვების სასახლეში"?

5e1dd7d9d19e1
შოთა ტყეშელაშვილი
14.01.20 19:05
1766
გუშინ, 1,375,000 ლარად იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა. საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. მის ფარგლებში სარეალიზაციოდ 77,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა გამოვიდა. 

აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ 2019 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა კომპანია შპს "ინვესტ ჯგუფმა" მიიღო, რომელმაც გუშინ დასრულებულ აუქციონში გაიმარჯვა კიდეც. 

აუქციონის პირობების მიხედვით, ისტორიული ნაგებობისა და მამულის შემძენმა ადგილზე 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ტურისტული ობიექტი შექმნას. 

BMG "ინვესტ ჯგუფის" გენერალურ დირექტორს დავით კობახიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის მიზანს ისტორიული ნაგებობის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება წარმოადგენს. 

"აუქციონის პირობების შესაბამისად შეძენილ ტერიტორიაზე მინიმუმ 4 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია განხორციელდება და მოეწყობა ტურისტული ცენტრი.

არსებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი რეაბილიტაცია შესაბამისი კანონების დაცვით მოხდება, შენობასთან ერთად რათქმაუნდა მოხდება ეზოს განვითარებაც. გაიწმინდება ეზოს ტერიტორია, მოეწყობა გარე განათებები და ტერიტორიაზე წარმოდგენილი მრავალწლიანი და უნიკალური ნარგავები იქნება შენარჩუნებული, ეზოში ასევე განთავსდება სპორტული მოედანი/მოედნები. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად აღვადგინოთ და შევუნარჩუნოთ პირვანდელი სახე როგორც შენობას ასევე ეზოს.

რაც შეეხება სხვა ახალი ობიექტის მშენებლობას, ტერიტორიაზე არ იგეგმება ახალი დიდი ზომის რაიმე ობიექტის მშენებლობა, თუმცა შესაძლებელია დადგეს საჭიროება გარკვეული მცირე შენობების (დამხმარე ნაგებობები) განთავსების რაც მოგვიანებით პროექტირების ეტაპზე გახდება ცნობილი", - ამბობს დავით კობახიძე. 

აუქციონის პირობების მიხედვით:

"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე ტურისტული ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ალკოჰოლური სასმელების საჩვენებელ/საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს, რეკრეაციულ სივრცეს/მრავალწლიან ნარგავებს, სავალ ბილიკ(ებ)ს, გამწვანებას, გარე განათებას, ბუნებრივ ან/და ხელოვნურ საფარიან სპორტულ მოედანს/მოედნებს, სველ წერტილ(ებ)ს, საპრივატიზებო ქონებიდან შენობა-ნაგებობა №1-ში არაუმეტეს 6 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას) შექმნა (რაც ასევე შესაძლოა მოიცავდეს გადაცემული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში; 

გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ტურისტული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მისი შექმნიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში; 

დ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება; 

ე) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტურისტულ ცენტრში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით."- ნათქვამია აუქციონის პირობებში.