მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროგნოზებია ბიზნეს სექტორებისთვის მიმდინარე კვარტალში? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება

642581e9f0dcb
სალომე ხიდურელი
30.03.23 20:17
522
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2023 წლის I კვარტლის BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, განსაკუთრებით პოზიტიური შედეგები ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში ფიქსირდება.

„ეს დიდწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ გაყიდვების მიმდინარე მდგომარეობა და მათი პროგნოზი ორივე სექტორში მაღალია. ერთი მხრივ, გაყიდვები იზრდება და მეორე მხრივ, ორივე სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა თვლის, რომ ზრდის ეს ტემპი შენარჩუნდება“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

როგორც ის განმარტავს, ბიზნესისათვის ზრდის კარგი ინდიკატორი ორივე სექტორისათვის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.

„ჩვენს კვლევაში დამატებითი კითხვების ნაწილი გვაქვს, როდესაც ვეკითხებით ბიზნესის კეთებისათვის ხელშემშლელ ფაქტორებზე, უკვე მეორე კვარტალია ზედიზედ, მხოლოდ 9% ასახელებს მოთხოვნის სიმცირეს. მაღალი მოთხოვნა ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელია იმისთვის, რომ სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე ბიზნეს კლიმატს დადებითად აფასებენ და პოზიტიური მოლოდინები აქვთ“, - აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, რომლისთვისაც მოლოდინები ნაკლებად პოზიტიურია, ხიშტოვანი ასეთად მრეწველობის სექტორს ასახელებს და მისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს.

„გამოკითხვებიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ მრეწველობის სექტორი ბევრად უფროა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, იმიტომ, რომ მისი დიდი ნაწილი მაინც მსოფლიო ბაზარზეა ინტეგრირებული. ასევე, გაცვლითი კურსის მერყეობა ამ სექტორს ყველაზე მეტად აწუხებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მიმდინარე კვარტალში გვაქვს უნიკალური შემთხვევა, როცა მეტი ბიზნესწარმომადგენელი ელოდება, რომ კურსი გამყარდება, ვიდრე პირიქით - გაუფასურდება.

რაც შეეხება სამუშაო ძალას, აქაც, გაფართოებისთვის სწორედ მრეწველობის სექტორს სჭირდება სპეციალისტები. სამუშაო ძალის ნაკლებობა გამოწვევაა ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის, თუმცა განსაკუთრებით მაღალია ეს პრობლემა მრეწველობის სექტორში“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ცნობისთვის, BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, "პიემეს" კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, რომელიც მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრისა და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ.