მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონება ეკუთვნის “ბილაინის" ახალ მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას

6273dafa2298e
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.22 18:07
9212
დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ვიონი საქართველოს”, ანუ “ბილაინის” 100%-იანი წილის გაყიდვაზე თანხმობა გასცა. კომპანიის ახალი მესაკუთრე ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება. აქამდე კომპანიის მესაკუთრე VEON-ის ჯგუფში შემავალი VEON Georgia Holding B.V. იყო, რომელიც ამ “ბილაინს” ორი კომპანიის Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის მეშვეობით ფლობდა. ამ ორივე ფირმას ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია შეისყიდის და “ვიონი საქართველოს” 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდება.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოსთან” მრავალი წელია დაკავშირებულია და ის კომპანია Miren Invest-ის მეშვეობით კომპანიის 20%-იან წილსაც ფლობდა.

“ვიონი საქართველო”-ს ყოფილი მფლობელის VEON-ის ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი მესაკუთრე (47.9%-ის მფლობელი) LetterOne-ია, რომელიც ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანის და პეტრ ავენის დაფუძნებულია. ამჟამად ფრიდმანი სანქცირებულია.

“ვიონი საქართველოს” განცხადებით, კომპანია მისი საინვესტიციო გეგმის შესრულებას და ქსელის განვითარებას განაგრძობს.

“ვიონი საქართველოს” აქტივები 120 მილიონ ლარს შეადგენს; 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 40 მლნ ლარის. 2021 წელს კი “ვიონის” შემოსავალი 100.5 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 1,279,951 აბონენტი ჰყავს.

რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია:

“თბილისი ენერჯი”

"თბილისი ენერჯი" - დედაქალაქის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი. კომპანიას 450,000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს და ქალაქს ყოველწლიურად 660 მილიონ კუბურ მეტზე მეტ ბუნებრივ აირს აწვდის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 302 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება კი 13.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები 180 მილიონ ლარს შეადგენს.

“2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვოლთბეი“ („მშობელი კომპანია“), რომელიც დაფუძნებულია მარშალის კუნძულებზე 2016 წლის 30 აგვისტოს. 2019 წელს მშობელ კომპანიაში 50%-იანი წილი შეისყიდა Weco investment and finance S.A.-მ.

2020 წლისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე იყო საქართველოს მოქალაქე, ბატონი ხვიჩა მაქაცარია,” - ნათქვამია “თბილისი ენერჯის” აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

"ეროვნული ლატარიის კომპანია"

2017 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში ლატარიის მოწყობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ ჩატარებული ტენდერის შედეგები, რომლითაც ეს უფლება 2027 წლამდე კომპანია “ჯი ენ ელს” მიენიჭა.

“ჯი ენ ელის” მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს “Win” (75%-იანი წილი) და სს “New Game” (25%-იანი წილი). ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ჯი ენ ელის” შემოსავალმა თამაშებიდან 2020 წელს 29 მილიონი შეადგინა. მისი ზარალი 10.7 მილიონი ლარი იყო, კომპანიის აქტივების მოცულობა 15 მილიონი ლარია.

“თელასის” 24.5%-იანი წილი

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. წლების განმავლობაში “თელასის” 24.5%-იანი წილი “საპარტნიორო ფონდის” საკუთრება იყო, 2020 წლის სექტემბერში კი “საპარტნიორო ფონდმა” ეს აქტივი აუქციონის გზით გაყიდა, რომელშიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კომპანია “ბესტ ენერჯი გრუპმა” გაიმარჯვა. კომპანიის წილი 32.5 მილიონ ლარად გაიყიდა.

"თელასის" შემოსავალი 2020 წელს 431 მილიონი ლარი იყო, წმინდა ზარალი კი 72.9 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის აქტივები 366 მილიონი ლარია.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია წარსულში “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო

“კავკასუს ონლაინი” საქართველოში მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ქსელის და შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელის მფლობელია. 2019 წელს ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასა და აზერბაიჯანულ Neqsol Holding-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც კომპანიის ჯერ 49%, ხოლო შემდგომში დარჩენილი 51%-იანი წილი გაიყიდა. შედეგად, “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელი Neqsol Holding-ი და მისი მესაკუთრე ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი არიან.

გარიგებას კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მწვავე კრიტიკა და სამართლებრივი დავა მოჰყვა, კომისია აცხადებს, რომ წილის ნასყიდობა მასთან არ იყო შეთანხმებული, რის გამოც ის “უკანონო გარიგებად” უნდა ჩაითვალოს. ამის გამო, კომპანია არაერთხელ დააჯარიმეს, 2020 წელს შეცვლილი კანონის მეშვეობით კი მასში სპეციალური მმართველიც დაინიშნა. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დღესაც განაცხადა, რომ კომისიის პოზიციაა, რომ კომპანია კვლავ მის წინა მესაკუთრეს ანუ ხვიჩა მაქაცარიას უნდა დაუბრუნდეს. საქმე ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, “კავკასუსი” 61 მილიონ დოლარად გაიყიდა.