მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი

602e8493f1f99
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.21 10:10
6342
დღეს "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის მომდევნო ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 

ღარიბაშვილი 2019 წლის 9 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ამ პერიოდში მან ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო, რომელიც 2018 და 2019 წლებში მის ფინანსურ მდგომარეობას ასახავდა.

2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს 19,102 ლარის ხელფასი აიღო. მინისტრად დანიშვნამდე ის ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის კომპანია “ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა, სადაც 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 240,776 ლარის ხელფასი აიღო, ხოლო 2018 წელს კი ამავე კომპანიაში მისი ანაზღაურება 169,926 ლარს შეადგენდა.

“ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი" 2018 წლის 12 თებერვალს დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ქართულ-ჩინური მენეჯმენტი მართავს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავჯდომარე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მართვას უკავშირდება.

ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრმა 2019 წელს 75,620 ევროდ (დღევანდელი კურსით 300,000 ლარად) შეიძინა 2019 წელს გამოშვებული ავტომობილი Audi A8. დოკუმენტის თანახმად, ეს ავტომობილი პრემიერობის კანდიდატმა განვადების გზით იყიდა და 2019 წელს ამ განვადების გასავალი 37,810 ევრო იყო.

2018 წელს კი, 46,000 ევროდ (დღევანდელი კურსით 183,000 ლარი), ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუ თამაზაშვილმა RANGE ROVER VELAR-ი იყიდა. ამ ავტომობილის შესაძენად მან “ქართუ ბანკისგან” $42,021 დოლარის სამწლიანი სესხი აიღო.

2019 წელს ნუნუ თამაზაშვილმა 76,500 დოლარად (დღევანდელი კურსით 252,450 ლარად) ბორჯომში, დაბა ბაკურიანში შეიძინა 1530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი. როგორც დეკლარაციაში არის მითიტებული, ამ ნაკვეთზე სახლის მშენებლობისთვის ნუნუ თამაზაშვილმა “ქართუ ბანკიდან” 137,120 ლარის მოცულობის 10-წლიანი სესხი აიღო.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, ის რამდენიმე ბინას და მიწის ნაკვეთს ფლობს, ესენია:

1. საქართველო, თბილისი, გაგარინის ქუჩა, 4/4ა, 121,8 კვ.მ - ბინის ნასყიდობა 2009 წელს, 100,000 ლარი;
2. საქართველო, თბილისი, მოსაშვილის ქუჩა,10, 170 კვ.მ - ბინის ნასყიდობა 2011 წელს 221,000 ლარი;
3. საქართველო, თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 10 , 159 კვ.მ - ბინის ნასყიდობა 2011 წელს 185,000 ლარი;
4. საქართველო, თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 10, 38 კვ.მ - არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობა 2011 წელს, 20,000 ლარი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუ თამაზაშვილს საბანკო ანგარიშები მხოლოდ “ქართუ ბანკში” აქვთ გახსნილი. ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილი 40,000 ლარს ინახავს, საბანკო ანგარიშებზე კი (სასესხო ანგარიშების გარდა) 6000 ლარზე ნაკლები აქვს განთავსებული.