მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რჩება ბიზნესისთვის დღეს მთავარ გამოწვევად?

60cb4fbdb171e
ლიკა გურაბანიძე
17.06.21 21:20
501

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის 2021 წლის მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით აპრილში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა. კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებასა და მოლოდინს ემყარება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოკითხვის თანახმად, მეორე კვარტალში ბიზნესი არსებულ მდგომარეობას, გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ბიზნესის მოლოდინი ოპტიმისტურია.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, დადებითი მაჩვენებლები ეკონომიკის გახსნითაა გამოწვეული, თუმცა ამის პარალელურად უდიდეს პრობლემად კვლავ მაღალი ინფლაცია რჩება.

“სამ სექტორში, მრეწველობაში, მომსახურებასა და ვაჭრობაში ბიზნესკლიმატი ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ორ სექტორში მრეწველობასა და ვაჭრობაში დადებითია არა მხოლოდ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, არამედ მოლოდინები. გაუმჯობესებული ბიზნეს კლიმატის მთავარი მიზეზი, პირველ რიგში მოთხოვნის ზრდაა. კომპანიების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ მომდევნო კვარტალში მოთხოვნის ზრდაზე მოლოდინი არსებობს. ეკონომიკის გახსნამ მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და კომპანიები ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას სწორედ ამის საფუძველზე აფიქსირებენ.

ამავე სექტორებში კომპანიების დაახლოებით 25% ამბობს, რომ თანამშრომლების რაოდენობის ზრდას გეგმავს, რაც პოზიტიური სიგნალია. პრობლემად რჩება კურსის გაუფასურების მაღალი მოლოდინი და სერიოზული წნეხი ინფლაციაზე.” - აღნიშნა ხიშტოვანმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის თქმით, სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. ხოლო, რაც შეეხება ბიზნესისთვის მთავარ სირთულეს, ეს კვლავ გაცვლითი კურსის არასტაბილურობაა.

“კოვიდ პანდემიის დროს ადამიანები ნაღდ ფულს ინახავდნენ და როგორც კი პირველი შესაძლებლობა გაუჩნდათ ფულის ხარჯვა დაიწყეს, ხოლო მეორე კონკრეტული სივრცეების გახსნის ეფექტია.
როდესაც ბიზნესებს ვეკითხებით, თუ რა არის მთავარი ბარიერი, გაცვლითი კურსის ცვალებადობას ასახელებენ. კომპანიების 76% ამბობს, რომ ეს როგორც იმპორტიორისთვის, ასევე ექსპორტიორისთვის ნომერ პირველი პრობლემაა. არასტაბილურობა კომპანიებისთვის სერიოზული თავის ტკივილია. მშენებლობის სექტორი რომ გამოვაკლოთ ვთვლი, რომ ეკონომიკაში პოზიტიური განწყობაა.” - აღნიშნა ვეფხვაძემ.