მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეგულაციებს დაექვემდებარებიან მიკრობანკები? - კობა გვენეტაძის პასუხი

5f61f1260a785
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.20 15:14
1198
საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე მუშაობს. როგორც დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ახალი საბანკო სტატუსის მინიჭების შედეგად, მიკროსესხების ბაზარი უფრო ორგანიზებულ სახეს მიიღებს. გვენეტაძის თქმით, მიკრობანკების სტატუსის მიღების შემდეგ გაიზრდება იმ დეპოზიტარების სახსრების დაცულობა, რომლებმაც მისო-ების მიერ შეთავაზებულ, დეპოზიტების მსგავს ინსტრუმენტებში განახორციელეს თანხების ინვესტირება. ამასთანავე, ამ საფინანსო დაწესებულებებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემაც გავრცელდება.

“როდესაც ვსაუბრობთ მიკრობანკებზე, ეს იქნებიან ის კომპანიები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ძირითადად მიკროსესხებზე, ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, აგროსესხებზე, მცირე ბიზნეს სესხებზე. მათ ექნებათ პირდაპირი წვდომა ეროვნულ ბანკთან, ასევე, მათ შეეძლებათ, რომ ჩაერთონ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი სამუშაო არის ჩასატარებელი; დაწყებული გვაქვს განხილვა სექტორთან, განხილვა იქნება საჭირო პალრამენტთან, ამის შემდეგ კი, იქნება შეთავაზებული პაკეტი, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ეს შემდეგი ეტაპი რეფორმისა განხორციელდეს. იმ ნიშიდან გამომდინარე, რომელიც მისო-ებს აქვთ, ვფიქრობ,  ისინი კომერციულ ბანკებს, ასე ვთქვათ, კონკურენციას არ შეუქმნიან, თუმცა მათ ექნებათ თავიანთი ნიშა და იმ თავიანთ ნიშაში უფრო გაძლიერდება კონკურენცია, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის ბაზარზე 40-მდე მოთამაშე საქმიანობს. ამ დროისთვის უცნობია, მათი რა ნაწილი გადავა მისო-ს სტატუსიდან უფრო რეგულირებად "მიკრობანკის" სტატუსზე. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების ღირებულება 1.3 მილიარდი ლარი იყო. 

2020 წლის პირველ 6 თვეში სექტორის ჯამურმა ზარალმა 29 მილიონი ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი, მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი ყოველწლიურად დაღმავალია.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა - 446 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 262 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 200 მილიონით კი, მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ. 

კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებიდან ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული "ონლაინ სესხების" ბაზარი და მისი პორტფელი მხოლოდ 16.4 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი წლის წინ ამ სესხების პორტფელის მოცულობა 66 მილიონი ლარი იყო.