მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეიტინგის მქონე აქტივში შეიძლება ჩაიდოს საპენსიო დანაზოგები? - სებ-ის პრეზიდენტის ბრძანება

5f587e2215c4d
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.20 12:00
779
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც დგინდება მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ის კომერციული ბანკები, რომელთა მიერ გამოშვებულ საფინანსო ინსტრუმენტებშიც შესაძლებელია მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდეს. 

კრიტერიუმების თანახმად, კომერციულ ბანკს საკრედიტო რეიტინგი უნდა ჰქონდეს მინიჭებული შემდეგი ორგანიზაციებიდან ერთის მიერ მაინც:

1) Standard & Poors (S&P);
2) Moody’s;
3) Fitch;
4) Scope Ratings.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოს რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალ საკრედიტო რეიტინგზე ნაკლები. ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი საპენსიო აქტივების 10 პროცენტს;

ბ) საქართველოს არარეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს „BBB-“/„Baa3”-ს;

გ) საქართველოს არარეზიდენტ ორგანიზაციაში ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების განთავსების შემთხვევაში, ორგანიზაციის რეიტინგი უნდა აღემატებოდეს “A-” ან „A3”-ს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებზე, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს მინიჭებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.

4. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა). დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 20 პროცენტზე მეტის ფლობა, აგრეთვე ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

საპენსიო ფონდის მოცულობა და ბენეფიციართა რაოდენობა:

ამ დროისთვის სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული. 8 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 950 მილიონი ლარი არის დაგროვილი. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 100% ლარში არის ნომინირებული. ამასთან თანხის უდიდესი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 11.1%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. 

"საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს", - აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა დაგროვილ აქტივებს სარგებლის სახით 79.5 მილიონი ლარი დაერიცხა. 

8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 447-მა ადამიანმა. საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 49 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია.