მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკები ახლავს მედიკამენტების ფასის რეგულირებას? - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პოზიცია

5def53f324e7e
ინგა მურუსიძე
10.12.19 13:22
823
„რამდენჯერმე გაიჟღერა ინიციატივამ და იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცა ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, კონსულტაციების დონეზე დარჩა”, - ასე უპასუხა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - მიმდინარეობს თუ არა მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მუშაობა, რაც რამდენიმე თვის წინ თავად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად მედიკამენტების დანიშვნის კონტროლს მიიჩნევს.

“საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მოხდეს ფასთა რეგულაცია მედიკამენტების ნაწილზე, თუმცა ეს არის შესწავლის პროცესში და დღევანდელი ღონისძიებაც (ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრა) გვეხმარება, რომ ეს საკითხი შევისწავლოთ. შესაძლებელია, იყოს ფასთა რეგულირება წამლების ნაწილზე - მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური საკითხია, ფრთხილად მოსაკიდებელი თემაა, რათა არ გამოიწვიოს ის მიზეზები და ის პრობლემები, რაც ბევრ ქვეყანაში გვქონდა. მაგალითად, ფასთა რეგულაციის მოუმზადებელმა შემოღებამ გამოიწვია მთელი რიგი მედიკამენტების გაქრობა ბაზრიდან, მწარმოებლები და იმპორტიორები გავიდნენ, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობა დააზარალა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შესწავლას და მომზადებას მოითხოვს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში იყო ინცირებული სამუშაო ჯგუფი, სადაც ერთ-ერთ საკითხად მათ შორის ფასების შესაძლო რეგულაცია განიხილებოდა.

„მედიკამენტების ფასების რეგულაციაზე არსებობს სხვადასხვა მოდელი, ასევე ზღვარის დაწესება და ეს არის პირდაპირი რეგულაცია, მაგრამ ძალიან მხარს ვუჭერთ, თუ შემოღებული იქნება ე.წ. არაპირდაპირი რეგულაცია. რას ნიშნავს ეს - ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებმა ნაკლები თანხა დახარჯონ ჯანდაცვაში და მიიღონ ხარისხიანი მკურნალობა. დღეს გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანები იძენენ მედიკამენტებს ძალიან მაღალ ფასად და თან არადადასტურებული ეფექტურობით. ანუ ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირების ერთ-ერთი პირველი და ეფექტური გზა ამ ეტაპზე არის ის, რომ გაკონტროლდეს რამდენად სწორად ხდება მედიკამენტების დანიშვნა და რამდენად ადეკვატურად ხდება რეკომენდაციის მიცემა ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ „საქართველო იმპორტირებული მედიკამენტების ბაზარია და წამლის ფასიც ლარის მიმართ უცხოური ვალუტის კურსზეა დამოკიდებული”.