18.აგვისტო .2020 22:03

რა რისკები მოეხსნათ ავტოდილერებს განბაჟების გადავადებით - Caucasus Autoimport

views 498
უკან

ავტოდილერებისთვის გაწეული შეღავათები საკმაოდ დიდი დახმარების რგოლია - ასე აფასებს კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადებას.

როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, საკითხზე მათ მთავრობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდათ და ხელისუფლებამ მათი საჭიროებები გაითვალისწინა.

დავით გულაშვილი განმარტავს, რომ ავტოიმპორტიორები, რომლებიც რეექსპორტს ახორციელებდნენ შეფერხებული რეექსპორტის პირობებში ვერ შეძლებდნენ ავტომობილების გაყიდვას, შესაბამისად მათთვის პანდემიის პირობებში განბაჟების დაგვიანების გამო გაწერილი ჯარიმები დიდი ზარალი იქნებოდა.

„განბაჟების ვადის მარტამდე გადავადება საკმაოდ დიდ რისკებს მოხსნის იმ ავტოდილერებისთვის, რომლებიც მოყვნენ ამ პროგრამაში. ეს უკვე შეძენილი ავტომობილებია და მათ შემსყიდველებს რა ბიზნესგათვლებიც ჰქონდათ ამ პერიოდში რთულად შესრულდება, ვიდრე არაპანდემიურ სიტუაციაში შესრულდებოდა.

პირველ რიგში ისინი საბაჟო 1000-ლარიანი ჯარიმის რისკის წინაშე დგებოდნენ. ჩვენი კომპანიის მომხმარებლისთვის - ავტოდილერებისთვის და ავტობიზნესით დაკავებული პირების დაახლოებით 5 000 – 6 000 ავტომანქანა მოყვა ამ შეღავათში.

თითოეულ მანქანაზე, თუ ეს მანქანები რეექსპორტამდე არ გატერმინალდებოდა 1 000-ლარიანი ჯარიმა გაიწერებოდა. 24 000 ავტომობილზე გათვლილი სატერმინალო ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს, რაც განბაჟების გადავადების გარეშე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა ტერმინალებს, ტერმინალები გადაივსებოდა და ვინც ვერ მოასწრებდა ავტომობილების შეყვანას, წავიდოდნენ 1 000-ლარიან ჯარიმაზე, რაც სერიოზული ფინანსური ზარალია ამ მდგომარეობაში. ხოლო რეექსპორტისთვის გათვლილი ავტომობილების განბაჟება კი წყალში გადაყრილი თანხაა“, - განმარტავს „კავკასიის ავტოიმპორტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ის იმედოვნებს, რომ ავტოდილერები მსგავსი შეღავათების საჭიროების წინაშე აღარ დადგებიან.

„იმის ალბათობა რომ მსგავსი შეღავათების გაკეთება ავტოდილერებისთვის კიდევ გახდება საჭირო, ძალიან დაბალია, რადგან შეღავათი 2021 წლის მარტამდე გაკეთდა და ამ პერიოდში პანდემიის პრობლემა, მოსალოდნელია, რომ გლობალურ დონეზე აღარ იდგეს. ამასთან რეექსპორტის მიმართულებით გააქტიურებული ონლაინვაჭრობით ეს ავტომობილები გაიყიდება. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დასტაბილურდება და მსგავსი შეღავათები საჭირო აღარ იქნება“, - განუცხადა BM.GE-ის დავით გულაშვილმა.

ავტოიმპორტიორებს შეღავათები სამ ეტაპად დაუწესდათ – ფინანსთა სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა