მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს აჩენს რუსეთის მიერ ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაზრდა? - „აგროექსპორტი“

634fe3285bd6c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.22 09:31
860
რუსეთმა, ხორბლის საექსპორტო გადასახადი 52.3%-ით გაზარდა. საქართველოსთვის კი ხორბლის ძირითადი საიმპორტო ქვეყანა სწორედ რუსეთია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოსთვის ქვეყნის მთავარმა საიმპორტო ქვეყანამ მარცვლეულზე მცურავი ბაჟი 2021 წლის ივნისიდან აამოქმედა და მის ცვლილებას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასის მიხედვით ადგენს. ზაფხულის თვეების განმავლობაში ხორბლის საექსპორტო გადასახადი სეზონურობიდან გამომდინარე მცირდებოდა.

რა გავლენას იქონიებს საექსპორტო ბაჟის გაძვირება ხორბლის იმპორტზე და დადგებიან თუ არა კვლავ ადგილობრივი წისქვილკომბინატები გაჩერების საფრთხის წინაშე - ამ კითხვებით BM.GE-მ ხორბლის ადგილობრივ გადამმუშავებელ კომპანია „აგროექსპორტის“ დამფუძნებელ ლევან ჯანაშიას მიმართა.

დარგის წარმომადგენელი ვერ აკონკრეტებს, რამდენით შეიძლება შეიცვალოს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება, თუმცა ამბობს, რომ მოსაკრებლის გაძვირება, საქონელს გააძვირებს.

„ნებისმიერი მოსაკრებელი გავლენას ახდენს ფასებზე. გასული თვეების განმავლობაში ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებლის შემცირებამ ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის მეტ-ნაკლებად ბალანსი დაიცვა და წისქვილკომბინატებს რუსულ ფქვილის იმპორტთან კონკურენციის გაწევის საშუალება მიეცა. თუმცა ეს ფასებიც ზღვრული იყო და პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების ამუშავების საშუალებას აძლევდა.

რუსეთის მხრიდან საექსპორტო ბაჟის გაზრდა კი მდგომარეობას გაართულებს. ამასთან ჩვენ მხოლოდ მოსაკრებელზე არ ვართ დამოკიდებული და გასათვალისწინებელია ვალუტის კურსი, საწვავის ღირებულება, ლოგისტიკა და ა.შ. და ყველა ეს ფაქტორი არასტაბილურია. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმეს დაგეგმვა აბსოლუტურად შეუძლებელია, ვინაიდან გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ დღეის მდგომარეობით არ შეგვიძლია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მარაგები შევქმნათ, ჩვენი გადასახედიდან შეუძლებელია, რადგან გეგმარება შეუძლებელია და პროგნოზირებადი არ არის რა პროპორციებით გაიზრდება მოსაკრებელი, ვალუტის კურსი თუ ა.შ. მეტნკლებად სტაბილური ამ ბოლო პერიოდში ღირებულების მხრივ გადაზიდვების ნაწილია, სხვა დანარჩენი კომპონენტების განსაზღვრა არ შეგვიძლია“, - განმარტა ჯანაშიამ.

მისი ინფორმაციით, დღეს ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 1113-დან 1121 ლარამდე მერყეობს. „აგროექსპორტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საექსპორტო გადასახადის გაზრდა, ადგილობრივ წარმოებებს კვლავ გაჩერების საფრთხის წინაშე აყენებს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ეს მოსაკრებელი საექსპორტოა და შიდა ბაზარზე გავლენას არ ახდენს, დღის წესრიგში ისევ შეიძლება დადგეს საკითხი, რომ ექსპორტიორებს ხორბლის გატანა გაუძვირდეთ, ხოლო ადგილობრივ წარმოებისთვის იაფი იყოს და ისევდაისევ რუსეთმა სცადოს თავისი საკუთარი ფქვილით, საერთო ჯამში, ისეთის მდგომარეობის დაყენება სხვადასხვა ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, რომ შიდა წარმოების გაგრძელებას აზრი არ ჰქონდეს. ეს წინაპირობები ჩვენ ადრეც გვქონდა. ამ რისკებზე ყოველთვის ვსაუბრობდით და ახლაც მოხსნილი არ არის.

რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პრობლემები შეუქმნას მასზე დამოკიდებულ ქვეყნებს“, - ამბობს დარგის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ზაფხულში ახალი მოსავლის პირობებში, ხორბლის გაიაფებამ და საექსპორტო ბაჟის შემცირებამ, ფქვილის იმპორტიორებს ღირებულების შემცირება აიძულა. დღეს კი მოსაკრებლის გაზრდა და ზამთრის სეზონზე ხორბლის მოსალოდნელი გაძვირება დარგის წარმომადგენლებისთვის რთულ სურათს შექმნის.

„როგორც კი ადგილობრივ ბაზარზე წარმოებები ამოქმედდა, რუსეთის ბაზარზე ფქვილის ღირებულებაც მცირედით შემცირდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რეალურად ფქვილის იმპორტირებაში არსებული მარჟები ძალიან მაღალია. როდესაც ასე მკვეთრად ფასის შემცირების საშუალება გაქვს, იმისთვის, რომ კონკურენცია არ გაწიო ადგილობრივი წარმოების ფქვილთან. თუ ეს საკითხი არ დასტაბილურდება, შეიძლება ამ მხრივ რთული ზამთარი გველოდეს წინ. ეს ბაზრის კანონია. სხვა დანარჩენ ფაქტორებს თუ დავამატებთ თავის მოსაკრებელთან ერთად, რთული წარმოსადგენი არ არის, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე“, - ამბობს ჯანაშიამ.