მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს შეიცავს ვაქცინაციის პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევა?

60e3345fca85f
ანუკა ჯოხაძე
05.07.21 21:00
793
ქვეყანაში 5 ივლისიდან, მთავრობის მტკიცებით, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა გასული კვირის მიწურულს მივიღეთ, თუმცა შაბათ-კვირას კუთვნილ დოზებზე დარეგისტრირება მოქალაქეების ნაწილმა მაინც ვერ მოხერხა. რეგისტრაციის პორტალის შეფერხებით მუშაობა ამჯერად კიბერშეტევით აიხსნა.

BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ვებგვერდებს მომზადებისას წინასწარი ტესტირება სჭირდება იმასთან დაკავშირებით, გაუძლებს თუ არა ის იმ დატვირთვას, რაც შეიძლება მომხმარებლების მხრიდან წამოვიდეს.

ანზორ მეხრიშვილის განმარტებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ სამინისტრომ მსგავსი დეტალები წინასწარ არ გაითვალისწინა და საბოლოოდ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რამაც ვაქცინაციის პროცესი შეაფერხა.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ეს იყოს არაორგანიზებულობის ბრალი. მანამ სანამ საიტს გავუშვებთ საჯაროდ ხელმისაწვდომ სივრცეში, პირველ რიგში უნდა მოხდეს გადამოწმება, რამდენად სწორად არის დაწერილი აღნიშნული ვებგვერდი, და რომ ნამდვილად არ არის ტექნიკური ხარვეზები და პროგრამული უზუსტობები. ამას გარდა, ვებგვერდს უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ რამდენად აიტანს აღნიშნულ მიმართვიანობას ის. მე მხოლოდ ამის შემდეგ გავუშვებდი ვებგვერდს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი ტესტირება შესაძლოა არ არის ჩატარებული და უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგნენ, როცა ხარვეზი შეიქმნა”, - აცხადებს ანზორ მეხრიშვილი.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალის გათიშვა პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა კონკრეტული მიზეზის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მხოლოდ გუშინ მოხერხდა. პორტალის გათიშვა კიბერშეტევით აიხსნა, თუმცა მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ვებგვერდზე თავისი პირადი მონაცემები შეიყვანეს უცნობია, რა ტიპის შეტევა განხორციელდა. შესაბამისად, უცნობია, მათი მონაცემებზე წვდომა აქვთ თუ არა კონკრეტულ ადამიანებს.

“როდესაც საინფორმაციო პორტალებზე ვხედავთ სიახლეს იმის შესახებ, რომ იმ ვებგვერდზე, სადაც ჩვენი პერსონალური მონაცემების შეყვანა განვახორციელე, ვგულისმობ სახელს, გვარს, პირად ნომერს, ელ-ფოსტას, კიბერთავდასხმა განხორციელდა და შესაბამისი ორგანო მუშაობს მის აღმოფხვრაზე, მე მაქვს დისკომფორტი როგორც მოქალაქეს, რადგან არ ვიცი ამ ინფორმაციაზე მოხდა თუ არა ავტორიზებული წვდომის განხორციელება, გაჟონა თუ არა ამ ინფორმაციამ საჯაროდ ხელმისაწვდომ სივრცეში", - ამბობს BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი.