მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი აქვს მთავრობას კომპანია "ბორჯომში"? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

633ee3cf4940b
ინგა მურუსიძე
06.10.22 17:41
555
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად კრიტიკისა, მთავრობა „ბორჯომთან“ მიმართებაში გააგრძელებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ასე უპასუხა მინისტრმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის კითხვას იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს მთავრობას „ბორჯომში“.

"„ბორჯომში“ მთავრობის როლის შესახებ გეტყვით, რომ ჩვენი როლი იყო ერთადერთი: ეს კომპანია ჩვენი უმნიშვნელოვანესი ბრენდი, რომელსაც 100 წელზე მეტი ისტორია აქვს, გადაგვერჩინა ისევ ადგილობრივი მოსახლეობის, ბორჯომის მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე. „ბორჯომში“ ირიბად დასაქმებულია 10 ათასი ადამიანი.

ჩვენი აქტიური პოზიციის შესახებ კრიტიკა ბევრი იყო, კითხვაც. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სახელმწიფოს აქვს კონტროლის როლი დირექტორთა საბჭოში. ჩვენ ავირჩიეთ დირექტორთა საბჭოს მეთვალყურე. ჩართული ვართ მთლიანად კომპანიის მართვის პროცესში, რომელიც არ უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ უკავშირდება მიწოდების რგოლს, დისტრიბუციას და ა.შ. იმისთვის, რომ კომპანიამ მოახერხოს, დაასტაბილუროს თავისი ფინანსური მდგომარეობა, რაც ძალიან მძიმე შეიქმნა, სანქციებიდან გამომდინარე და შემდგომში ის ამოცანები და განვითარების მიზნები განახორციელოს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მართვის პროცესში „ბორჯომში“, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენს ინტერესებს პასუხობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73%-იანი წილი გადაეცა. შედეგად, კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49%-მდე შემცირდა.

აღსანიშნია, რომ მხარეებს შორის შეთანხმებით, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება "ბორჯომის" დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.