მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი ექნება EBRD-ს ანაკლიის პორტზე ხელახალი ტენდერის ჩატარებაში? - თურნავას განმარტება

5e33f16b37454
ინგა მურუსიძე
31.01.20 20:41
1053
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, EBRD კვლავაც იჩენს დაინტერესებას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თუნდაც ტენდერის გამართვის პროცესში სახელმწიფოს დაეხმაროს.

„ანაკლიის პორტი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად; ასევე, ის  მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიიდან გამომდინარე და ეს არის პრიორიტეტი ეკონომიკური და სატრანსპორტო სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა და ექნება სახელმწიფოსგან. ყველაფერი მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ პროექტი განხორციელდება. ამაზე მეტყველებს ის ინტერესი, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ბანკები დღემდე იჩენდნენ ანაკლიის მიმართ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მათთან მოლაპარაკებებში შევიდა.  EBRD კვლავაც იჩენს დაინტერესებას, რომ თუნდაც ტენდერის გამართვის პროცესში დაგვეხმაროს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პორტი კვლავაც #1 პრიორიტეტია. ზოგადად, არის შემთხვევები, როცა იმართება საერთაშორისო ტენდერები და ფინანსური ინსტიტუტები გვეხმარებიან ამ ტენდერების მომზადებაში, ასევე მისი პირობების გაცნობაში გლობალური ინვესტორებისთვის. ასეთი "ქეისები" უკვე გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ფოთის პორტის ოპერატორ APM ტერმინალს და მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ მზად არიან ფოთის პორტის გაფართოებაში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადონ, თურნავა ამბობს, რომ ინვესტორისგან ოფიციალური მიმართვა არ უნახავს.

„ჩვენ ვართ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ასევე პასუხისმგებელია სატრანსპორტო პოლიტიკაზე ქვეყანაში და აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნებოდა, თუკი არ გვექნებოდა აქტიური კომუნიკაცია ჩვენი პორტების ხელმძღვანელობასთან და ინვესტორებთან. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია პორტებში ინვესტორებთან, მათ შორის APM ჩვენი სამინისტროს ხშირი სტუმარია, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ბევრი საერთო პროექტი გვაქვს და ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელსაც ვეხმარებით, რომ გადავლახოთ. ეს არის ჩვენი ტრადიციული, უძველესი პორტი, რომელიც ძალიან ღირებულებას და სიკეთეს ქმნის არა მარტო ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ რეგიონის და მთლიანად დერეფნისთვის.

რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოებას, ეს პროექტი ჩვენთვის ცნობილია. თავის დროზე იყო მცდელობა, რომ სანებართვო პროცესი დაწყებულიყო, თუმცა მაშინ მხარი არ დავუჭირეთ, რადგან გარკვეული ტექნიკური პრობლემები იყო. ჯერჯერობით, ოფიციალური მიმართვა არ გვინახავს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა ძალიან მოთხოვნადია, ძალიან მზარდია და ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა, მათ შორის იმ წარუმატებლობის გამო, რაც ანაკლიის პორტის ინვესტორმა განიცადა და ეს ძალიან სამწუხაროა",  - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.