მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლს თამაშობს პოლარიზაცია კანდიდატის სტატუსის მიღებისას - გერმანიის ელჩის პასუხი

637a69634d4b8
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 21:40
753
„თქვენ ნამდვილად გაქვთ შანსი და გექნებათ შანსი, ვინაიდან პოლიტიკური პოლარიზაცია ყველა ქვეყანაშია“ - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძის მიერ დასმულ კითხვას - შესაძლებელია თუ არა შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებისას ხელის შემშლელი აღმოჩნდეს.
ელჩმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 რეკომენდაციის შესრულებას ელის, რაც ქართველებისა და ქართული პოლიტიკური სისტემის ხელშია.

„ხშირად ვამბობ, რომ ბურთი თქვენს მხარესაა, თუმცა, სპორტისგან განსხვავებით, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ითამაშოთ. მათ შორის ევროკავშირი, ევროკომისია და ბლოკის ყველა წევრი ქვეყანა. ყველა თანამშრომლობა მიმართულია თქვენი მხარდაჭერისკენ. ვფიქრობ, არის ცალკეული სფეროები, სადაც უფრო მეტი პროგრესია საჭირო, ერთ-ერთია პოლარიზაციის საკითხი. საქართველომ მნიშვნელოვანია, გაგზავნოს მესიჯი - „ჩვენ გვაქვს კონსენსუსი, რომ ეს გვინდა. ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე ერთად“. ხოლო თუ ევროკავშირში მოდის მესიჯი, რომ საქართველო ვერაფერზე შეთანხმდა, არ მგონია ეს სასარგებლო იყოს. თუმცა მეორე მხრივ, მთავრობას აქვს მკაფიო დღის წესრიგი. ნათელი საკანონმდებლო პროცესი. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი შესრულდება კანონმდებლობის თვალსაზრისით საშობაოდ, წლის ბოლოსთვის. ასე რომ, ჩვენ ვაკვირდებით. პროცესი მნიშვნელოვანია. ეს ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობით და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევხედოთ შედეგებს. თუმცა როგორც ვთქვი, ეს ნამდვილად გუნდური სამუშაოა - ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები და საქართველო ერთად მუშაობენ ამ მიზნისთვის“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.

გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში პოლარიზაციის დონე გასათვალისწინებელია და ქართველებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეკომენდაციაც მისცა.

„თქვენ ნამდვილად გაქვთ შანსი და გექნებათ შანსი, ვინაიდან პოლიტიკური პოლარიზაცია ყველა ქვეყანაშია...

...გააჩნია (პოლარიზაციის) დონეს, ცოცხალი პოლიტიკური დებატები პლურალისტული დემოკრატიების ნაწილია. ეს არის დებატების ფორმა და შესაძლებელია თუ არა კონსენსუსის მიღწევა. ის, რაც აქ ზოგჯერ შემიმჩნევია ის არის, რომ პოლიტიკურ წინადადებებზე კი არ დაობენ, ისინი კამათობენ სხვა ადამიანის, პარტიის ლეგიტიმურობაზე, რაც ნაკლებად სასარგებლოა. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ცოტათი შეამცირეთ ტემპერატურა, ყურადღებით იყავით პირად თავდასხმებსა და სხვა პოლიტიკური ძალების დელეგიტიმაციაზე. აქ იმისთვის არ ვარ, რომ ქართველებს ვუთხრა როგორ წარმართონ პოლიტიკა, როგორ წარმართონ დებატები, ეს ჩემი საქმე არ არის, საქართველო ქართველებისაა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული მოვლენები ჩვენ გვიქმნის გარკვეულ შთაბეჭდილებას. თუმცა რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობები, შესაძლებლობები აქ არის, უბრალოდ დავამატებდი, რომ ეს ახლა ხდება. მომდევნო წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭო ხელახლა შეიკრიბება, რათა ნახოს რა ეტაპზე არიან ასპირანტი ქვეყნები, ასე რომ ჩვენ დაახლოებით ერთი წელი გვაქვს, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - განმარტა პიტერ ფიშერმა.