მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფუძველია დღეს საქართველოში ჯო ბაიდენის ვიზიტისთვის? - პასუხი ზურაბიშვილს

625ee1e469a60
დავით ჯალაღონია
19.04.22 20:29
5141
აშშ-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, მათ შორის იმ უსაფრთხოებაზე, რაც რეგიონში არსებობს - ასე გამოეხმაურა BM.GE-სთან ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ციკოლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, უკვე დროა, საქართველომ აშშ-ის პირველ პირს კვლავ უმასპინძლოს.

“ეს ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, მათ შორის იმ უსაფრთხოებაზე, რაც რეგიონში არსებობს. რთულია, ამას საკმაოდ დეტალურად აფასებენ და სამწუხაროდ, ყველაზე უსაფრთხო რეგიონი მსოფლიოში ჩვენ არ ვართ და არა მარტო ჩრდილოეთის მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც საფრთხეები მუდმივად გვაქვს. შესაბამისად, ვნახოთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და კარგად გვესმის, რამდენად არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ მნიშვნელოვანია აშშ-ის პრეზიდენტი ჩვენს რეგიონსა და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში”, - განმარტა დიპლომატმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ში მომავალი ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკის პირველი პირის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტისთვის საფუძვლის მომზადებას, გიორგი ციკოლიამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტები საელჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

“როგორც იცით, ბატონი დავითი (ზალკალიანი) წარდგენილი იყო როგორც ელჩი შეერთებულ შტატებში და მის ჩამოსვლას უახლოეს მომავალში ველით. ორმხრივ ვიზიტებს რაც შეეხება, ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის. მე მქონდა ორჯერ შეხვედრაზე დასწრების ბედნიერება, აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტთან, მისი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის დროს, სადაც საქართველოს პრემიერები იმყოფებოდნენ და მას და მის გუნდს, არა მხოლოდ კარგი მეხსიერება და გამოცდილება, არამედ ცოდნა აქვს იმისა, რა არის საქართველო.

საქართველოს კარგად იცნობენ და აფასებენ, როგორც ახლო მეგობარს, მოკავშირეს და რაც შეეხება უმაღლეს დონეზე ვიზიტებს, თქვენ იცით, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა 2017 წელს და ამ ვიზიტებზე აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში, ასეთი ტიპის ვიზიტი შედგება”, - განაცხადა გიორგი ციკოლია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის სურვილი სალომე ზურაბიშვილმა 27 მარტს გამოთქვა.

“ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ის როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და მე მგონი, დრო არის, რომ ეს გავიმეოროთ”, - განმარტა მან.

ცნობისთვის: აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2005 წელს იმყოფებოდა.