მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის ელჩმა შეხვედრაზე

60a287cf4ff69
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 19:17
497
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის ელჩს საქართველოში, ლი იანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება COVID-19-ის პერიოდში ჩინეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე ვაქცინების მიღების პროცესში ჩინეთის მიერ გაწეულ დახმარებაზე გამახვილდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მიერ საქართველოსთვის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზის საჩუქრად გადაცემისთვის და ხაზი გაუსვა ვაქცინების დამატებითი დოზების მოკლე ვადებში მოწოდების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის მაღალი დონე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდა.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში. აღინიშნა, რომ პანდემიამ შექმნა გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებით და გამოითქვა იმედი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები, ისევე, როგორც ორმხრივი მიმოსვლა, პანდემიამდელ მაჩვენებლებს მალე დაუბრუნდება.