07.თებერვალი .2020 13:51

რა საკითხებზე იმუშავებს აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2020 წელს?

views 434
უკან

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

„მიმდინარე წელს კომიტეტი არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას გეგმავს, რომლებზეც კომიტეტში უკვე დაწყებულია მუშაობა. ეს არის: კანონპროექტები ქარსაფარი ზოლების შესახებ, ფერმერული მეურნეობების შესახებ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ და სხვა. განსაკუთრებით გამოვყოფ ადრეული და სასკოლო დაწესებულებების კვების პრობლემატურ საკითხებს და მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს პირობები როგორც საჯარიმო სანქციების, ასევე პასუხისმგებლობის კატეგორიების ნაწილში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე იქნება აგრო ტურიზმის განვითარება და ამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ კომიტეტის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

მანამდე კი, კომიტეტის წევრებმა მოისმინა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში (2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები), რომელიც ოთარ დანელიამ წარადგინა.

მან კოლეგებს შარშან კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ შარშანდელი წელი კომიტეტისთვის საკმაოდ დატვირთული იყო: გასულ წელს კომიტეტმა 25 სხდომა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა 113 საკითხი. მათგან 99 იყო კანონშემოქმედებითი და 14 - საზედამხედველო კუთხით.

ოთარ დანელიას განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტების ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონი, რომელზეც კომიტეტმა იმუშავა და საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო.

„ეს არის კანონი, რომელმაც მიიღო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ კანონს, მათ შორის, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდა, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას სძენს აღნიშნულ კანონს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შარშან კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული, არის „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი განვითარების შესახებ“ კანონი, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონები, ცვლილებები საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ კანონებში და სხვა. კომიტეტის მიერ თორმეტი კანონპროექტი იყო ინიცირებული. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის სტატუსში, ასევე განიხილა არაერთი სხვა კანონპროექტი, რომელთაგან ოთარ დანელიას განცხადებით, არ შეიძლება არ აღინიშნოს კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის მიწურულს მიიღო. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ეს კანონი მელიორაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს და წაახალისებს წყალ მომმარაგებელთა ასოციაციების შექმნას, რომლებიც თვითონ შეძლებენ მართონ ასოციაციის ფარგლებში ფერმერთა წყლის მიწოდება.

კომიტეტის თავჯდომარემ ასევე ისაუბრა მთავრობის და ცალკეული დეპუტატების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე, რომლებსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი იყო ასევე საერთაშორისო შეთანხმებები. საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტმა არაერთგზის განიხილა ევროპასთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ჰარმონიზაციის ვალდებულებები, გაიმართა მოსმენები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული უწყებების საქმიანობის და პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ და ა. შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა