14.თებერვალი .2020 23:00

რა საკითხებზე ისაუბრეს Frontera-ს ხელმძღვანელებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე?

რა საკითხებზე ისაუბრეს Frontera-ს ხელმძღვანელებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე?
views 1459
უკან

ენერგოკომპანია Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ მათთვის სახელმწიფოს მიერ პრობლემების შექმნა 2013 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ საქართველოში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მარაგის შესახებ დაიწყო განცხადებების კეთება. ამის შესახებ მამულაიშვილმა BMG-სთან ინტრვიუში განაცხადა.

2013 წლის 18 მარტს, Frontera-ს დამფუძნებელი, სტივ ნიკანდროსი, ფრონტერას აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი და აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. BMG-სთან საუბარში ზაზა მამულაიშვილი იხსენებს, რომ სოლოლაკის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე კომპანიამ ივანიშვილს მათ მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული სამუშაო გააცნო. ამასთანავე საუბარი შეეხო Frontera-ს მიერ მიკვლეული ბუნებრივი აირის მარაგებს.

“ჩვენ 2013 წელს შევხდით პრემიერ-მინისტრს. მოგეხსენებათ, რომ 20 წელიწადზე მეტია, თითქმის 22 წელია, რაც სამუშაოებს ვახორციელებთ საქართველოში. ჩვენ გახლავართ ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოს ენერგეტიკის დარგში. ამ ხნის განმავლობაში, როგორც წესი, თუკი ადმინისტრაცია იცვლება ხოლმე, ვხდებით ხელმძღვანელ პირებს - პრემიერ-მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი და მას ვაბარებთ ანგარიშს იმის მიხედვით, თუ სად ვართ და საით მიდის ჩვენი სამუშაოები.

2013 წელს, ამ შეხვედრის მიზანიც გახლდათ ზუსტად იგივე, რაც მის წინამორბედებთან უფრო ადრე. მას გავაცანით სამუშაოები, პროგრესი, რა შედეგები გვქონდა, რა სამუშაოებს ვგეგმავდით და სხვათა შორის, გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მასთან [ბიძინა ივანიშვილთან]. იქ იყო რამდენიმე პატარა საოპერაციო საკითხი, სწორედ ადმინისტრაციული საკითხი, რომელსაც შევეხეთ, მაგრამ იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა და საინტერესო საუბარი.

ეს შეხვედრა ჩვენი სამუშაოების კარგად წარმართვაში არ აისახა, სამწუხაროდ. სირთულეები უფრო გამწვავდა და გამძაფრდა, მივედით იქამდე, რომ სახელმწიფომ რამდენიმე სასამართლო დავა დაიწყო საქართველოში და დაგვირგვინდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავით.

[ივანიშვილთან] საუბარი შეეხებოდა იმ მარაგს, ბუნებრივი აირის დიდ მარაგს, რომელსაც ძალიან დიდი ინვესტირების და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოების შემდეგ მივაკვლიეთ და საუბარი შეეხებოდა იმ გეგმებსა და იმ ხედვას, თუ რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი ეტაპი. თუ როგორ ხედავდა კომპანია, როგორ განავითარებდა კომპანია ამ უზარმაზარ პოტენციალს საქართველოსთვის. ეს იყო შინაარსი ამ შეხვედრის,”- განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

Frontera-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არის უმსხვილესი, რომელშიც საქართველოს მთავრობა არის ჩართული. მხოლოდ იურიდიული მომსახურების შეძენა სახელმწიფოს $7.4 მილიონი დოლარი უჯდება. დავის შესახებ არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული აშშ-ის როგორც სენატის, ასევე კონგრესის წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებში კონგრესმენები საქართველოს მთავრობას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ.

საარბიტრაჟო დავაში “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” კომპანიისგან $70-80 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს.

"ძალიან ღრმა იურიდიულ დეტალებში რომ არ შევიდეთ, გეტყვით, რომ მათ უნდათ, რომ შეგვიწყვიტონ ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელი კიდევ შეგვიძლია ვიმუშავოთ ადგილზე - რაც არსებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

მათ უნდათ, რომ ვადამდე ადრე შეგვიწყვიტონ ეს ხელშეკრულება და ასევე ითხოვენ ჩვენ მიერ დაახლოებით $80 მილიონი დოლარის გადახდას, თითქოს ჩვენ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ეს თანხა გადასახდელი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს,”- ამბობს ზაზა მამულაიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა