მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სასესხო პირობებით და რა ვადაში მოიზიდავს საქართველო $3 მილიარდს?

5e997ec5aa928
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 14:10
2399
$3 მილიარდი არის თანხა, რომელსაც საქართველო COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს. შეღავათიანი კრედიტით, სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსება მოხდება. $1.5 მილიარდის ბენეფიციარი საჯარო სექტორია (მთავრობა და ეროვნული ბანკი) $1.5 მილიარდის ბენეფიციარი კი, კერძო სექტორი (ძირითადად კომერციული ბანკები) იქნებიან.

მოზიდული დაფინანსების მიზნობრიობის, ასევე, მისი პირობების შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანა იყო, ვინც საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული პროგრამის ფარგლებში მიიღო არსებული დაფინანსება. ქვეყანა IMF-ისგან $447 მილიონს მიიღებს, საიდანაც $200 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება იქნება.

პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ დაფინანსების კონკრეტული მიზნობრიობების, ასევე თანმდევი პირობების შესახებ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს ამასთან, ცალკეული სასესხო დაფინანსებები მთავრობის მიერ კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული.

კითხვაზე - თუ რა არის ამ დაფინანსების პირობები და ითვალისწინებს თუ არა ის საგრანტო კომპონენტსაც, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს, რომ თანხა სრულად სესხი არაა და მასში გრანტიც შედის.

“ამ თანხის 100% სესხი არ არის და მას გრანტის კომპონენტიც ახლავს, თუმცა - მცირე. ძირითადად, ეს არის სესხი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსება, რომელთაც კომერციული ინტერესის გარდა აქვთ ქვეყნის განვითარების ინტერესი. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი არის უფრო იაფი. ამ თანხის ნაწილი არის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ნაწილი კი კონკრეტულ რეფორმაზე არის მობმული.

ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა, რომელიც არსებული სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიიღებს გაფართოებულ დაფინანსებას კორონავირუსის შოკიდან გამომდინარე.

ჯამურად, გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა 2020 წლის ბოლომდე ანუ ამ დარჩენილ რვა თვეში მიიღებს სამი მილიარდის მოცულობის დაფინანსებას. ეს არის იმ დაგეგმილზე დამატებით, რასაც ისედაც ელოდა ქვეყანა. ეს 3 მილიარდი განაწილდება, როგორც - კერძო, ასევე საჯარო სექტორს შორის. დაახლოებით, 1.5 მილიარდი დოლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტში და დარჩენილი 1.5 მილიარდი დოლარი მიდის კერძო სექტორში. ასევე გარკვეულ თანხებს მიიღებს პირდაპირ ეროვნული ბანკიც რეზერვების შესავსებად. ეს თანხა არის ის, რაც დღეისთვის ცნობილია, თუმცა მომდევნო თვეების და კვარტლების განმავლობაში, ერთჯერადი კონკრეტული პროექტების ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს კიდევაც.

ეს, ჯამში, არის საქართველოს მშპ-ის 20%, რაც არის საკმაოდ დიდი თანხა, ვფიქრობთ, რომ ეს თანხა მიმდინარე შოკის შერბილებაში დაგვეხმარება.

კერძო სექტორის დახმარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის საფინანსო სექტორისთვის დაფინანსების მიცემა, რომლის გავლითაც, ეკონომიკა დაფინანსდება. აქაც დახმარება არის საკმაოდ მრავალმხრივი, არის როგორც მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც კონკრეტული სექტორის დაფინანსებას მოხმარდება, მაგალითად, SME სექტორს, ასევე არის ლიკვიდობის მხარდამჭერი დაფინანსებაც,” -  ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება 14 აპრილს გააკეთა. დაფინანსების ზუსტი წყაროების და ხელშეკრულებების ვადიანობის შესახებ უფრო დეტალურად 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი $5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, მისი დაახლოებით $1.5 მილიარდით ზრდა მოხდება.