მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახის მხარდაჭერას ითხოვენ მზის ენერგიაზე მომუშავე კომპანიები?

61af81d2970e5
დავით ჯალაღონია
07.01.22 23:23
2040
საქართველოში, ქარისგან განსხვავებით, ჯერჯერობით მზის მხოლოდ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები გვხვდება. მათი სიმძლავრე 500 კილოვატს არ აღემატება.

იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ნეტო-აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მზის პანელებს ამონტაჟებს, არის "ჰელიოს ენერჯი", რომლის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია BMG-სთან საუბრისას მზის ენერგიის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს ასახელებს.

"მზის ელექტროსადგურები ძირითადად ნეტო-აღრიცხვის პროექტის ფარგლებში შენდება, ანუ ეს არის 500-კილოვატიანი სიმძლავრის ობიექტები. 500 კილოვატის შემდეგ, სხვა სამართლებრივ ჭრილში გადავდივართ - ანუ ჩვეულებრივი გენერაციის ობიექტი შენდება, რომელმაც ბირჟაზე უნდა ივაჭროს. ეს არის მოცემულობა.

გენერაციის სხვა ობიექტების მსგავსად, იქნება ეს ქარი, თუ ჰესები, ჩვენც უბალანსობის პრობლემა გვაქვს. ანუ ბირჟაზე როგორ ივაჭრებს მზის ელექტროსადგური, ეს არის ამ ეტაპისთვის ბუნდოვანი, იმიტომ რომ წინასწარ გენერაციის პროგნოზირება ძალიან რთულია, ანუ რა ექნება მზის სადგურს გენერაცია, თუნდაც ხვალ. აქედან გამომდინარე, ეს არის რთული ამ ეტაპისთვის.

მეორე, ყველას რაც აწუხებს, არ ვიცით რა ტარიფი იქნება მზის ელექტროსადგურებისთვის ბაზარზე, შესაბამისად, ინვესტორები ამ ეტაპისთვის ვერ ინტერესდებიან და კიდევ, არის ტექნიკური პრობლემა - მზის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება. ანუ ეს არის ცვალებადი გენერაცია და ქსელი ამისთვის მზად უნდა იყოს. რიგ ადგილებში ასეთი მიერთება თითქმის შეუძლებელია, რადგან ქსელი არ არის სათანადო მდგომარეობაში, ამიტომ ამ კუთხითაც გამოწვევების წინაშე ვართ. სანამ ეს საკითხები არ გადაიჭრება, დიდი სიმძლავრეების დაყენებაზე ვერ ვიფიქრებთ", - განმარტა თორნიკე დარჯანიამ.

მან განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის მხარდამჭერ ინსტრუმენტებზეც ისაუბრა, რაც საერთაშორისო მასშტაბით უკვე გამოცდილია.

"განახლებადი ენერგიების ათვისება შეუძლებელია იმ ტექნოლოგიების გარეშე, რომელიც დღეს გვაქვს - მზის პანელი, გარდამქმნელი და ა.შ. ამასთან, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ მზესა და ქარზე, მაგრამ გვავიწყდება ბიომასა, თერმული წყლები და ა.შ, რაც საქართველოში ასევე უხვი რაოდენობით გვაქვს. ასევე, ევროპაში საკმაოდ წახალისებულია თბური ტუმბოების ტექნოლოგია. რიგ ქვეყნებში, მაგალითად სომხეთსა და უკრაინაში, მზის პანელები დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლებული არიან.

თბური ტუმბოები ელექტროენერგიის ჩანაცვლების იდეალური შემთხვევაა. ევროპაში ძალიან გავრცელებულია და სუბსიდირდება იქ. მსგავს საკითხებზე აქაც შეგვეძლო გვეფიქრა. განახლებადი ენერგიების ათვისებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუ ამ ტექნოლოგიების განვითარებას მხარი არ დავუჭირეთ", - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

რაც შეეხება "ჰელიოს ენერჯის" გეგმებს, კომპანია 2022 წლის განმავლობაში, ჯამურად დაახლოებით, 5 მეგავატი სიმძლავრის მზის მიკროსადგურების დამონტაჟებას გეგმავს.

"ელექტროენერგიის გაძვირებამ ის გამოიწვია, რომ ყველა გენერაციის საკუთარი ობიექტის შექმნას ცდილობს, იქნება ეს მზის ელექტროსადგური, თუ - სხვა. ჩვენმა კომპანიამ 2021 წლის განმავლობაში 4 მეგავატი სიმძლავრის სადგურები დააყენა. ამ წლის ბოლომდე სავარაუდოდ, 5 მეგავატს მოვასწრებთ. შემდეგ წელსაც ვფიქრობ, მინიმუმ ამ მასშტაბზე გავალთ, რადგან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ავტომატურად - ჩვენს პროდუქტზეც", - განაცხადა "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ მზის ელექტროსადგურის მშენებლობა სოფელ უდაბნოში განიხილება. ამ მიზნით, ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ქართულმა კომპანიამ "ნექსთ ენერჯიმ" გაიმარჯვა. ინვესტორმა სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე, 5 მგვტ სიმძლავრის სადგური უნდა ააშენოს, რაც დაახლოებით 3.5 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება.