მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახის ხელშეწყობას ელოდებიან ჰესების მშენებლები სახელმწიფოსგან?

5e9ab9eb8c079
დავით ჯალაღონია
18.04.20 12:20
1653
იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორცილებელ კომანიებს, რომელთაც მუშაობის გაგრძელება კორონავირუსის პირობებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სურთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი აპლიკაცია უნდა შეავსონ, რომლის ფორმაც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აპლიკაცია შეავსო და შემოწმებაც გაიარა, არის ჰიდროელექტროსადგურებზე მომუშავე "ფერი", რომლის ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ „მტკვარი ჰესზე“ სამშენებლო სამუშაოების განახლებისთვის საჭირო პირობები უწყებამ უკვე შეამოწმა, თუმცა ეს მშენებლობის პროცესი მაინც ფერხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს მიმდინარე სამუშაოების შეძლებისდაგვარად შენარჩუნებას, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეზღუდვები ლოჯისტიკურად მაინც ურტყამს. მაგალითად, ჩვენთან ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მოსულები იყვნენ, შეგვამოწმეს, მოგვცეს მუშაობის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ მოყოლილმა შეზღუდვებმა ნებისმიერ შემთხვევაში, ლოჯისტიკურად პრობლემები შექმნა, თუნდაც მუშების გადაადგილების კუთხით. ტემპი, კარგ შემთხვევაში განახევრებულია", - განაცხადა იორდანიშვილმა.

კითხვაზე, რა სახის ხელშეწყობა სჭირდება ენერგოპროექტების დეველოპერებს პოსტკრიზისულ პერიოდში, „ფერის“ ხელმძღვანელი პასუხად აღნიშნავს, რომ დეველოპერებს ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემების მოგვარებაში დახმარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის მუშაობა სჭირდებათ.

„ჩვენ ერთადერთი მექანიზმი გვჭირდება, რომ მაქსიმალურად ყველამ ერთად შევძახოთ, რომ საქართველოს სჭირდება მეტი ჰიდროელექტროსადგური, მეტი ენერგოდამოუკიდებლობა, ნაკლები იმპორტი, რომელიც პირველ დეკადაში კატასტროფულად გაზრდილი იყო და მათ შორის, რუსეთიდან.

პირველ რიგში, ეს ვირუსი უნდა მოგვშორდეს, როგორც კი ეს მოგვშორდება, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში, უპირველესად რა თქმა უნდა, ენერგოსექტორში. ამ სიტუაციამ ნათლად დაგვანახა, რომ საკუთარი რესურსების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მე პირობას ვიძლევი, რომ როგორც კი ეს სიტუაცია გადაივლოს, გაორმაგებული ძალებით მოვიზიდავთ ინვესტიციებს და კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს, რაც აქამდე მოგვიზიდია, რათა არსებული პროექტები, რაც დაგეგმილი გვქონდა, ავაშენოთ უმოკლეს ვადებში. ჩემი აზრით, ეს იქნება ეკონომიკის გადარჩენა, ხალხის დასაქმება, მეტი შემოსავალი, ენერგოდამოუკიდებლობა, უკეთესი ინფრასტრუქტურა და ა.შ.

ჩემი პოზიციაა, რომ ამ ვირუსის შემდეგ ყველა სხვა რეალობაში გავიღვიძებთ და განვითარებადი ქვეყნები, როგორიც არის ჩვენი სახელმწიფო, მიმართული იქნება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებაზე“, - აღნიშნა მან.

ამ პროცესში, ლაშა იორდანიშვილის აზრით, სახელმწიფო გარკვეულ მხარდაჭერის ბერკეტებს აამოქმედებს.

„მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი და მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური აშენდეს, ეს იქნება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, თუ სხვა. არ ვამბობ, რომ ხვალიდან PPA გაფორმდება ყველა ჰიდროელქტროსადგურთან, მაგრამ სახელმწიფო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რაც თავის ხელშია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად წინ წაწიოს ახალი საინვესტიციო პროექტები. ეს სხვადასხვა ფორმით იქნება, ზოგი შეღავათებით და ა.შ“, - მიიჩნევს „ფერის“ ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე, კომპანია ფერი რამდენიმე ჰესის პროექტზე მუშაობს, მათ შორის არის ონისა და პანკისის ჰიდროელქტროსადგურები, ასევე გურიაში, მდინარე სუფსაზე დაგეგმილი ჰესი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 300 მეგავატ სიმძლავრეზეა გათვლილი. ეს პროექტები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან - ნაწილი კვლევების, ნაწილი კი სანებართვო პროცედურების დასრულების სტადიაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში, 24 ჰიდროელექტროსადგური უნდა შევიდეს ექსპლოატაციაში, 1 - შესულია.