მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება აგრესიულ პრივატიზაციას? - გიგა ბედინეიშვილის მოსაზრება

61f00e152d848
თელარა გელანტია
26.01.22 10:33
837
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის აზრით, ე.წ. აგრესიულ პრივატიზაციას, პირველ რიგში, ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობა სჭირდება.

ამის შესახებ გიგა ბედინეიშვილმა bm.GE-სთან ინტერვიუში 2021 წლის საპრივატიზაციო გეგმის ჩავარდნის შეფასებისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 2021 წელს მთავრობა 350 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონების გასხვისებას აპირებდა, მაგრამ ბიუჯეტში მხოლოდ 212.6 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 60.7%-ია.

„ჯამში, თუ გვინდა, პრივატიზაცია იყოს აგრესიული, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო უნდა იყოს მიმზიდველი, ასევე სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და საერთაშორისი პროექტებს კი არ უნდა კლავდეს „ქართული ოცნება“, არამედ მინიმუმ ხელს არ უნდა უშლიდეს. „ნამახვანჰესის“ პროექტის სამარცხვინო მაგალითი კი არ უნდა გვქონდეს, არამედ ინვესტორებმა უნდა დაინახონ, რომ მართალია, პატარაა ეს ქვეყანა და შესაბამისად, პატარაა ბაზარი, მაგრამ საინტერესოა საინვესტიციოდ, თორემ პატარა ქვეყანა სულ ვიქნებით და თუ საინვესტიციო გარემოც არ გვივარგა, ვინ ჩადებს ფულს საქართველოში“, - აცხადებს ფინანსისტი.

ამასთან, გიგა ბედინეიშვილის თქმით, პრივატიზაცია არ უნდა იყოს განხილული როგორც ბიუჯეტის შევსების წყარო. რაც შეეხება იმას, რამდენად უნდა იყოს პრიორიტეტი საპრივატიზაციო ფასი, ფინანსისტის აზრით, „მთავარი ხეირი“ სახელმწიფო ქონების კერძო სექტორში გადასვლაა.

„ჩემი აზრით, მთავარია, რაც შეიძლება კონკურენტული გარემო შევქმნათ პრივატიზაციისთვის. აუქციონების ეფექტიანობა უნდა გავზარდოთ და რა ფასიც დაჯდება აუქციონის პერიოდში, იმ ფასს უნდა დავთანხმდეთ; სახელმწიფო ქონების პრივატიზება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ბიუჯეტში 1-2 მილიონით მეტის მობილიზებას შევძლებთ თუ ნაკლების. ამდენად, პრივატიზაცია უნდა იყოს პრიორიტეტი. ამას კიდევ სჭირდება ვაჟკაცობა და გაბედულება და თან პოლიტიკური ნება, რომელიც მთავრობას დღეს არ აქვს“, - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.