მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდებათ დღეს ადგილობრივ ინვესტორებს? - თემურ ჭყონიას რეკომენდაცია მთავრობას

5fb6927f70bd8
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 21:20
1565
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიაჩნია, რომ  პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში უცხოური ინვესტიციები საქართველოში "უსამართლო სასამართლოს" გამო არ შემოვა, ამიტომ ჭყონიას აზრით, სახელმწიფომ ადგილობრივი ინვესტორები საგადასახადო ვალდებულებებისგან უნდა გაათავისუფლოს, თუმცა - კონკრეტული დათქმებით.  

„ვფიქრობ, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ შეიძლება გაბედული - რეფორმატორული ნაბიჯი გადადგას. ადგილობრივი ინვესტორები, რომლებიც სახელმწიფოს კარნახით გააკეთებენ ინვესტიციას იმ სფეროში, სადაც ეს სახელმწიფოს სჭირდება სიღარიბის დაძლევისთვის, პანდემიის პერიოდში  ყველა უნდა გათავისუფლდეს გადასახადის გადახდისგან. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ეს ინვესტორები დაუბრუნდებიან იმ საწყის საგადასახადო რეგულაციებს, რაც არსებობს საქართველოში“, - განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში "მაკდონალდსის" ქსელს ქვეყანაში 60 მლნ ლარის ინვესტირება შეუძლია, რაც ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში "უშველებელი თანხაა".

"სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ ახალი, არამედ მოქმედი ბიზნესების აქამდე არსებული წინადადებები - მათი, ვისაც არ აქვს სახსრები. ეს უფრო ჩქარ შედეგებს მოიტანს, ვიდრე ახალი ინვესტიციები ახალ წარმოებებში, რომელსაც ბაზარზე ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. გამოცდილი ვინც არის და ვისაც სჭირდება, სჯობს, იმას დავეხმაროთ, ვიდრე ახალ წინადადებებს და ინოვაციებს ველოდოთ... კომუნისტური დეკლარირება რომ ვაკეთოთ - აი, ამდენი საწარმო გავხსენით, არ არის საინტერესო. დღეს ამის დრო არ გვაქვს.

დიახ, ახალი მთავრობა ავირჩიეთ 4 წლით... რა შესაძლებლობები აქვს "მაკდონალდსს" ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ინვესტირების? - 4 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, 60 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ ჩვენს განცხადებას მთავრობა მაგრად უნდა ჩამოეკიდოს და გვითხრას  - მათ რა შეუძლიათ ამ ხნის განმავლობაში, რომ გაგვიკეთონ და ამაზე უნდა დაიდოს ხელშეკრულება, იმიტომ რომ 60 მლნ ლარი 4 წელში არის უშველებელი თანხა“, - განაცხადა ჭყონიამ.