მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სექტორებში გაიზარდა ხელფასები ბოლო ორ წელში? - CNN-ის მიმოხილვა

62020bfb83c7f
თათია კაკიაშვილი
09.02.22 00:35
732
ბოლო ორი წელია, Covid 19-ით გამოწვეულ ცვლილებებთან ერთად, დასაქმების მხრივ მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია. გარდა იმისა, რომ არსებობს სექტორები, სადაც სამუშაო პროცესები პანდემიურ რეჟიმზე სრულად გადაეწყო, ეს დასაქმებულების ანაზღაურებაზეც აისახა - ზოგმა სამსახური საერთოდ დაკარგა, ზოგს ხელფასი შეუმცირდა, თუმცა მცირე ნაწილს - გაეზარდა. იმ ფონზე კი, როცა გლობალურად ინფლაცია მძვინვარებს, გამოდის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, დასაქმებულების უდიდესი ნაწილის ანაზღაურება დარჩა იმ ნიშნულზე, სადაც 2019 წლის ბოლომდე იყო. CNN-ის ცნობით, დასაქმების ღირებულების ინდექსის (Employment Cost Index) კვარტალური მონაცემების მიხედვით, ინფლაციაზე მორგებული ხელფასები, რომლებიც 2020 წლის შუა პერიოდიდან სტაბილურად ეცემა, დღეს 1.2%-ით დაბალია, ვიდრე 2019 წლის დეკემბერში იყო.

თუმცა, საბედნიეროდ, მაინც არსებობს ინდუსტრიები, სადაც გამოწვევების მიუხედავად, ხელფასების მცირედი ზრდა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ასეთი დასვენების და სტუმართმასპინძლობის სექტორია - სადაც, ძირითადად, მიმტანებს, მზარეულებს და სასტუმროს თანამშრომლებს მოემატათ ანაზღაურება. მათი ხელფასი კი, ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის გათვალისწინებით, 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, 2%-ით გაზრდილია. ბუნებრივია, ეს ციფრი მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მით უფრო იმ ფონზე, როცა ინდუსტრიის დასაქმებულების ანაზღაურება პანდემიამდე გაცილებით სწრაფად და მეტად იზრდებოდა. თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს სექტორი ერთ-ერთია იმ მცირე ინდუსტრიებიდან, სადაც ბოლო 2 წელია, ხალხმა ამერიკაში მართალია, ნელი ტემპით და დაბალი ნიშნულით, თუმცა - სარგებელი მაინც ნახა.

აშშ-ში ამ მხრივ სტუმარმასპინძლობის სექტორს საცალო ვაჭრობა მოჰყვება - გამყიდველების, მოლარეების და მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლების ჩათვლით - რომელთა ინფლაციის მიხედვით შესწორებული ხელფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში 1.2%-ით გაიზარდა. 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა საბითუმო ვაჭრობის სექტორში, ანაზღაურება ძირითადად, სატვირთო მანქანების მძღოლებს მოემატათ.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ყველა ჩამოთვლილი სპეციალობა, Covid 19-ით გამოწვეული საკადრო დეფიციტის გამო, დღეს გლობალურად ყველაზე მოთხოვნადად ითვლება. ამიტომ ბიზნესოპერატორები დასაქმებულებს სტიმულირებისთვის გაზრდილ ანაზღაურებას სთავაზობენ.

რაც შეეხება მეორე მხარეს, არც ისე იღბლიანები აღმოჩნდნენ ე.წ. კომუნალურ სექტორში დასაქმებულები, რომელთა ინფლაციის მიხედვით მორგებული ხელფასები პანდემიის დროს 1.5%-ით დაეცა. ხოლო ფინანსური საქმიანობის სექტორში გამყიდველებს, ფინანსური სესხების ოფიცრებს, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტებს და ქონების მენეჯერებს ხელფასები 1%-ით შეუმცირდათ. ასევე, დაზარალდნენ წარმოებისა და სამშენებლო სექტორის მუშაკები და მათთან ერთად - განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების თანამშრომლები.