მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სფეროები აინტერესებთ გერმანელ ინვესტორებს საქართველოში? - ელჩის პასუხი

5e0644f775d35
თამთა ჯიჯავაძე
27.12.19 21:59
1576
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანელი ინვესტორებისთვის, არის სპეციალისტთა კარგი განათლება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის თქმით, გერმანელი ინვესტორები პირველ რიგში სწორედ სპეციალისტთა კარგ განათლებას აქცევენ ყურადღებას, როდესაც სურთ რომელიმე ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება.

„ამისათვის არსებობს საფუძვლები საქართველოში, მაგრამ ბევრის გაკეთებაა კიდევ შესაძლებელი“, - აღნიშნა ელჩმა.

მან ასევე იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომელიც გერმანელი ინვესტორებისთვის საქართველოში მიმზიდველი და საინტერესოა:

„ჩვენ დღემდე ვხედავდით, რომ ყველაზე მეტი გერმანული ინვესტიცია სამშენებლო მრეწველობაში, სამშენებლო მასალის სფეროში მიდიოდა. მაგრამ არსებობს გერმანული ფირმები, რომლებიც ლოგისტიკის, ტურიზმისა და ბევრ სხვა სფეროში მუშაობენ. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვინახულეთ ფაბრიკა, რომელიც გერმანულ ინვესტიციაზეა დაფუძნებული და რომელიც ქუთაისში მზის ენერგიის პანელებს აწარმოებს და კერძოდ მსოფლიო ბაზრისთვის, ე.ი. ევროპისთვის, ამერიკისთვის და მგონი ჩინეთშიც გააქვთ ექსპორტზე. ამ ბოლო მაგალითმა დაგვანახა, რომ ძალიან მნიშნელოვანია კარგი სავაჭრო ხელშეკრულებების ქონა ყველა პარტნიორთან: ევროკაშირთან და სხვა სავაჭრო პარტნიორებთან, იქნებ აშშ-სთანაც გაფორმდეს ასეთი ხელშეკრულება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ინვესტორებს იზიდავს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

Bm.ge-მ ელჩს ასევე ჰკითხა, დღეს არსებულ სიტუაციაში გერმანელი ინვესტორი კვლავ თუ იფიქრებს საქართველოში ფულის ინვესტირებაზე, რაზეც გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა:

„ჩვენ ყველა საქართველოში ვცხოვრობთ და ვხედავთ იმას, რაც აქ ყოველდღიურად ხდება. არის დისკუსიები საარჩევნო კანონთან დაკავშირებით ან ეწყობა დემონსტრაციები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო პოლიტიკურად ერთ-ერთი სტაბილური ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. გერმანელი ინვესტორების ხედვით იგი ხელსაყრელი ქვეყანაა ინვესტიციების ჩასადებად. საქართველოში ხანდახან მესმის აზრი, რომ ქვეყანა ვერ განვითარდება, სანამ რუსეთის ზეწოლის ქვეშ ვართო. ამ აზრს მე ვერ დავეთანხმები და ვფიქრობ, რომ ამას ზოგჯერ უმოქმედობის გამართლების მიზნით ამბობენ. გერმანელ ინვესტორებს კი ვამჩნევ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს“.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ცნობით, საქართველოში გერმანიიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 39,940.4 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. ხოლო მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 18,839.2 აშშ დოლარი შეადგინა.