მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს პირველ ქართულ კომპანიას, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა?

5e1eec71eee84
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.20 15:15
13855
საკონსულტაციო კომპანია „Insource“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გასული წლის ნოემბერში სამუშაო დღეების რაოდენობა 4 დღემდე შეამცირა და თავადაც აინტერესებდა, რა შედეგს გამოიღებდა ეს.

BM.GE-ისთან საუბრისას „Insource“-ის მენეჯერი მედეა ტაბატაძე, 4-დღიანი სამუშაო კვირაზე გადასვლის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ „სამუშაო დროის შემცირება დადებითად აისახა თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე".

"ფუჭად დროს არ ვხარჯავთ“, - აღნიშნა მან.

კომპანიის მენეჯერის თქმით, თანამშრომლები სამუშაო დროის სწორ მართვას შეეჩვივნენ და ადრე თუ სხვადსხვა საკითხებზე ცდებოდნენ, დღეს ასე აღარ არის.

"გარდა ამისა, სამუშაოს შესრულების მზაობა და მოტივაციაც გაიზარდა. ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა აღებული 12 პროექტი, რომელიც ვადაზე ადრე დავასრულეთ და შესრულებული სამუშაოს შეფასებაც პოზიტიურია. 4-დღიანმა სამუშაო კვირამ ყველას მოტივაციაზე იმოქმედა. გაგვიჩნდა უფრო მეტი დრო საკუთარი თავისთვის, შესაბამისად, ძალიან ბევრი რამის დაგეგმვა და განხორციელება შეგვიძლია ჩვენს პირად ცხოვრებაში, რაც უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს იმისთვის, რომ პირველ რიგში, სამსახურში მუშაობისას, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებულები, მეორე - პროდუქტიულობის თემა. იცით, ამ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შემდეგ დაგვჭირდა გარკვეული დრო, რომ შევჩვეოდით მას. პირველი 2 კვირის განმავლობაში გვეგონა ვერაფერს ვასწრებდით, მაგრამ მერე მივეჩვიეთ და მივხვდით, რომ სწორი მენეჯმენტით სასურველ შედეგებს მივაღწევდით. 4-დღიანი სამუშაო კვირა მოითხოვს ძალიან მაღალ უნარებს სამუშაო პროცესი დაიგეგმოს ისე, რომ კონკრეტულ ვადებში დასრულდეს რაღაცეები ანუ დროის მენეჯმენტი გადამწყვეტია. კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენს შემთხვევაში იყო ის, რომ კომპანიაში სულ ხუთნი ვართ და ერთმანეთთან კოორდინაციას მარტივად ვახდენთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბიუროკრატია“, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.

„Insource“-ის მენეჯერი 4-დღიანი სამუშაო კვირის სპეციფიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ განსხვავებული სამუშაო გრაფიკი ხშირ შემთხვევაში პარტნიორებთან მუშაობის დღის წესრიგსაც ცვლის.

„ის, რომ ჩვენ სამუშაო კვიარას ხუთშაბათს ვასრულებთ, ნიშნავს იმას, რომ უფრო ეფექტურად ვიყენებთ სამუშაო დროს იმისთვის, რომ არ მოვცდეთ სხვადასხვა საკითხებზე, ხშირად ტელეფონსაც ვთიშავ ხოლმე მე პირადად და მთლიანად საქმეზე ვკონცერტრირდები. ვერ ვიტყვი, რომ ამ პერიოდში ხელშესახები შედეგები გვაქვს, მაგრამ ჩვენმა მიდგომამ - შეგვემცირებინა სამუშაო კვირის დღეები - იმუშავა. ერთი თვე ძალიან ცოტაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ 4 დღეში მე უნდა ჩავეტიო, შენი უნარების მაქსიმალურად მობილიზებას გულისხმობს. ამასთან, ჩვენ ძალიან მოქნილი გრაფიკი გვაქვს, თუ ვთქვათ 10:00-ზე მივედი სამსახურში, 18:00 საათზე წამოვალ იქიდან ან თუ 11 სთ-ზე მივედი, 19 სთ-ზე გამოვალ და არც ერთი თანამშრომელი სამუშაო დროს არ აჭარბებს. იმიტომ რომ, ეს ადამინური რესურსის ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შევცვალეთ პარტნიორებთან მუშაობის გრაფიკიც, პარასკევს, მაშინ როდესაც ყველა კომპანია მუშაობს, ჩვენ ელექტრონულ ფოსტაზეც კი არ ვიღებთ წერილებს. ჩვენი დამკვეთები ამას გაგებით მოეკიდნენ და პოზიტიური შეფასებებიც არ დაიშურეს“, - ამბობს „Insource“-ის მენეჯერი.

ცნობისთვის, გასულ წელს ტექნოლოგიური გიგანტის Microsoft-ის შვილობილმა კომპანიამ Microsoft Japan-მა სამუშაო კვირა 4 დღემდე  2019 აგვისტოდან შეამცირა და როგორც უცოხური მედია კომპანიაზე დაყრდნობით წერს, თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდამ 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 39.9% შეადგინა.