მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს საინვესტიციო ფონდ "ფორსაიტ კაპიტალს"? - ოქტომბრის რიცხვები

636cbe34e8d50
თამთა ჯიჯავაძე
10.11.22 23:20
618
"პოზიტიურად ვაფასებთ სტარტს", - ასე აჯამებს ცხრა თვის წინ შექმნილი „ფორსაიტ კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე ფონდის შედეგებს. როგორც მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ცნობადობა ძალიან დაბალია, ფონდი მოსალოდნელზე ბევრად უკეთესად ვითარდება. გარდა ამისა, „ფორსაიტ კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ ფონდმა უკვე შეძლო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორებისგანაც კაპიტალის მოზიდვა. 

ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა 30$ მლნ-ია. ვადიანობა ხუთი წელია. ფონდმა რამდენიმე თვეა დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ისინი ყოველთვიურად აქვეყნებენ შედეგებს. ეს მათი მოსაზრებით, კაპიტალის ბაზრების მიმართ ცნობიერების ზრდას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ რამდენიმე თვეა დავნერგეთ პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თვიურ შედეგებს ვაქვეყნებთ. ეს მოიცავს  პირველ რიგში იმას, თუ რა ამონაგები მიიღო ფონდმა თავისი ინვესტიციებიდან, და მეორე - ფონდის ინვესტორებმა დივიდენდის სახით რა სარგებელი მიიღეს. როგორც წინა თვეებში, ოქტომბერშიც ფონდის ამონაგებმა თვეში 0.57% შეადგინა, ფონდის ინვესტორებმა თვეში 0.42%-იანი სარგებელი დოლარის დანაზოგებზე მიიღეს, რა თქმა უნდა, ყველანაირი ხარჯის შემდეგ“, - ამბობს რატი მორჩილაძე.

მისივე თქმით, პოტენციურად ინვესტორები მინიმუმ ამ რაოდენობის მოგებას უნდა ელოდნენ მომავალშიც, შეიძლება ამაზე მეტიც და ეს გამომდინარეობს ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან. რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც ფონდმა ყოველთვიური შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, რატი მორჩილაძე ამბობს:

„ამის რამდენიმე მიზეზია. პირველი - ჩვენთვის ეს არის მცდელობა გავაცნოთ ხალხს რამდენად კარგი და მიმზიდველი პროდუქტი გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით. მეორე - ჩვენი ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ვფიქრობთ, რომ კარგია, როდესაც საზოგადოებამ იცის ჩვენი ძირითადი აქტივობების შესახებ; და მესამე - ჩვენი ღიაობა ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს არამხოლოდ ჩვენი ფონდის მიმართ, არამედ ზოგადად კაპიტალის ბაზრის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ვითარდება ეს მიმართულება, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრმა გაიგოს“.