მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი გამოიღო "პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ"? - სებ-ის პრეზიდენტის პასუხი

5d80a46399992
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.19 13:20
1182
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემა ამოქმედდა.

ცვლილებების შედეგად, ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ, ამასთანავე დაწესდა მოთხოვნები თუ რა შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქისთვის ყოველთვიურად სესხის მომსახურების კოეფიციენტი. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგულაციების ამოქმედებიდან მეცხრე თვის მდგომარეობით არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის შედეგი, რომლის მიღწევასაც სებ-ი გეგმავდა, ფაქტობრივად მიღწეულია.

"დაახლოებით 9 თვე არის გასული, ვფიქრობ, რომ ის ძირითადი მიზნები, რასაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ უნდა მიგვეღწია - შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის მიმართულებით, არის მიღწეული. ამავე დროს დაკრედიტების ოდენობის ზრდა კურსის ეფექტის გარეშე არის 14%, რაც საკმაოდ კარგი მაჩევენებლია და ამ შემთხვევაში დიდ სურათში შესაბამისობაშია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივებთან. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სფეროში პორტფელის გაჯანსაღებაა. სესხები გაიცემა უფრო კარგი მაჩვენებლებით და უფრო კარგი სტანდარტებით. ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ მოხდეს გადახედვა და თავიდანვე განვაცხადეთ რომ ეს პროცესი ასევე წარიმართებოდა. ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივებული იყოს ეს რეგულაცია, რომ უფრო მეტად გასაგები იყოს ის. რომ თუკი რამე ბიუროკრატიული ტვირთია, ეს ტვირთის გაქრეს. ამისათვის ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, როგორც სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან,"-ამბობს გვენეტაძე.

საფინანსო ბაზრისთვის დაწესებულმა რეგულაციებმა გავლენა მიკროსაფინანსო სექტორზეც მოახდინა, რამაც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიების რაოდენობისა და მათი აქტივების შემცირება გამოიწვია. ჯამურად 2019 წლის პირველი ნახევარი მისო-ებმა 80 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს.

"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემით, განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი დადგინდა.