მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი მიიღო სახელმწიფომ 96 საავადმყოფოს პროფილის მქონე საწარმოს პრივატიზებით? - აუდიტის მიგნებები

61a115b1695f8
თამთა ჯიჯავაძე
26.11.21 23:00
745
„ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის“ განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 96 საავადმყოფოს პროფილის მქონე საწარმოს 100%-იანი წილი პრივატიზებულია სიმბოლურ ფასად − 1,500 ლარად. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, გადაცემული ქონებების სანაცვლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა შექმნილიყო და ფუნქციონირება დაეწყო 23 საავადმყოფოს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების წილები გადაეცათ და საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულება დაუდგინდათ შპს „ბლოკ ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტის“ და შპს „მედიმექსს“ (სამივე ერთად − „ბლოკ ჯგუფი“).

„საერთო ჯამში გადაცემული 96 ერთეული სახელმწიფო ქონებიდან სახელმწიფოს დაუბრუნდა 62 ერთეული, რის შედეგადაც გადაცემულმა ქონებამ შეადგინა 34 ერთეული. შესაქმნელი საავადმყოფოების რაოდენობა კი შემცირდა 23-დან 8 ერთეულამდე. 34 ერთეული საავადმყოფოდან 6 ერთეულის 100%-იანი წილი გადასულია სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ (უფლებამონაცვლე − სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“) საკუთრებაში, ერთი საავადმყოფოს − შპს „სამკურნალო კომბინატის“ 100%-იანი წილი გადასულია ფიზიკური პირის საკუთრებაში იმ პირობით, რომ შემძენზე გადავიდოდა სახელმწიფოს წინაშე ამ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სახის ვალდებულება.

27 ერთეულის 100%-იანი წილი კი დარჩენილია „ბლოკ ჯგუფის“ საკუთრებაში. ზემოხსენებული 8 სამედიცინო დაწესებულებიდან, ფაქტობრივად დადასტურებულია 7 ერთეულის შექმნა. დარჩენილ ერთ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა შპს „სამკურნალო კომბინატის“ ბაზაზე 50-საწოლიანი მრავალპროფილური საავადმყოფოს შექმნას, ვერ დასტურდება ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ვერ იქნა ნაპოვნი მტკიცებულება, „ბლოკ ჯგუფის“ და მისი უფლებამონაცვლის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების დაწესების და/ან საბანკო გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოყენების შესახებ.

„შესაქმნელ საავადმყოფო დაწესებულებებთან მიმართებით, თავდაპირველად დაგეგმილი და საბოლოოდ განსაზღვრული მაჩვენებლები მიუთითებს საპრივატიზებო პროცესის არასწორ დაგეგმვასა და მიმდინარეობაზე, რაც საბოლოოდ გამოიხატა შესაქმნელი ჰოსპიტლების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით“, - წერს აუდიტი.