29.ივნისი .2020 20:20

რა შედეგი მივიღეთ მთავრობის მიერ 9 ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტის სუბსიდირებით?

views 562
უკან

9 ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების ზრდის შეჩერება იყო მთავარი ამოცანა, როცა მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა. ამ ამოცანის შესასრულებლად კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.

ბრინჯის, მაკარონის ნაწარმის, წიწიბურას, ზეთის, შაქარის, რძის ფხვნილის, ლობიოს, ხორბლისა და ხორბლის ფქვილის სუბსიდირების მექანიზმი 15 მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა დიდად მთავრობის შეთავაზება მომხიბვლელი ვერ აღმოჩნდა იმპორტიორებისთვის, რომლებსაც მთავრობა 3 ლარზე ზემოთ იმპორტირებულ პროდუქტზე კურსთაშორის სხვაობას უფარავდა.

დაფინანსების სისტემა ასეთია:

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის საბაჟო ღირებულების სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით არაუმეტეს იმპორტირებული პროდუქტის საბაჟო ღირებულებასა და 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით უკანასკნელად იმპორტირებული შესაბამისი პროდუქტ(ებ)ის საბაჟო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობაზე, სააგენტოს მიერ დადგენილი სუბსიდიის გამოთვლის წესის მიხედვით;
ბ) სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის საბაჟო ღირებულებაზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს სამსახური და აცნობებს სააგენტოს;
გ) სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით ან პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის ამოწურვამდე.

bm.ge-m სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ პროგრამაში მხოლოდ 9 იმპორტიორი ჩაერთო. პროგრამამ არა 9 ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტი, არამედ მხოლოდ 4 დაფარა.

აუთვისებელია ბიუჯეტიც. გამოყოფილი 10 მილიონი ლარიდან მხოლოდ მილიონ 64 ათასი ლარის ათვისება მოხდა. პროგრამის დასრულებამდე ორი კვირაა დარჩენილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი 15 ივლისამდე რადიკალურად შეიცვალოს.



რატომ არ დაინტერსდნენ კომპანიები მონაწილეობა მიეღოთ სუბსიდირების პროგრამაში, ამ კითხვით bm.ge-მ დისტრუბუტორთა ბიზნეს ასოციაციას მიმართა. ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია განმარტავს, რომ მათი არცერთი წევრი კომპანია პროგრამაში არ ჩართულა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.

„როცა მთავრობა უკეთებდა აფიშირებას, რომ პროდუქტები არ გაძვირდება, ეს იყო არასწორი, რადგან ნებაყოფლობითი იყო პროგრამაში ჩართვა და თუ კომპანიები არ ჩაერთვებოდნენ, რა თქმა უნდა თავისთავად ფასები გაძვირდებოდა.

მთავარი დამაბრკოლებელი, რის გამოც იმპორტიორებმა პროგრამაში მონაწილეობა არ მიიღეს იყო ის, რომ 10 მარტამდე ყველაზე იაფად რაც ჰქონდათ გადატვირთული, იმ ფასად უნდა განეხორციელებინათ მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის რეალიზება ქსელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერიოზული ჯარიმა დაეკისრებოდათ.

ლოგიკურია, როდესაც წარმოებას აწვდი პროდუქტს, იქ შეიძლება ძალიან დაბალი ფასნამატით მიაწოდო, მაგრამ როცა რითეილ სექტორს აწვდი, სადაც არის ე.წ ქეშბექი, მარკეტინგული მომსახურება, შეუძლებელი იყო იგივე ფასში გადაეტვირთათ. სწორედ ეს აღმოჩნდა უმრავლესობისთვის დამაბრკოლებელი. მაგალითად რძის ფხვნილის მომხმარებელი არის მწარმოებელი და არ არის მომხმარებელი, რომელიც სასურსათო მაღაზიაში შედის, ამიტომ ვნახეთ, რომ რძის პროდუქტები გაძვირდა იმიტომ, რომ მხოლოდ რძის ფხვნილზე დასუბსიდირება საკმარისი არ იყო“ - აცხადებს ივა ჭყონია.

მართალია პანდემიის ფონზე ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა, თუმცა სუბსიდიის გზით პროდუქტებზე რომ ფასები არ გაზრდილიყო, ეს ამოცანა ფაქტია ვერ შესრულდა.

სტატისტიკის სამსახურის ინფლაციის ბოლო მაჩვენებლებს თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ გასული თვის მონაცემებით ბოლო ერთ წელიწადში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა.

ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ლარის გაცვლითი კურისი იყო, რა ეფექტიც უნდა გადაეზღვია ასევე სუბსიდირების პროგრამას, თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ვნახოთ როგორ დაითვლის სუბსიდიის ეფექტს თავად მთავრობა, რადგან პროგრამის მოქმედებას ვადა 15 ივლისს უკვე იწურება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროგრამის ეფექტიანობის შესახებ დასმულ კითხვას გასულ თვეში უკვე გასცა პასუხი. მინისტრმა თქვა, რომ მთავრობამ ბიზნესს კურსის ცვლილება დაუზღვია, თუმცა ეს არ გულისხმობდა იმას, რომ ამ მექანიზმით ისინი ფასების ცვლილების სრულად შეჩერებას შეძლებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა